ზუგდიდის მერიასთან აქციას მართავენ გარემოვაჭრეები
ზუგდიდის ბაზარში დასაქმებულების პროტესტის შემდეგ, აქციას მუნიციპალიტეტის მერიის წინ გარემოვაჭრეები მართავენ. გუშინ, 4 მაისს, მათ მიიღეს გამაფრთხილებელი წერილი, რომლითაც მერია გარევაჭრობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
მერიამ გარემოვაჭრეებს წერილობით აცნობა, რომ საქმიანობის ამ ფორმით გაგრძელების შემთხვევაში, "კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს" გამოიყენებს. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ითვალისწინებს ჯარიმას და გასაყიდი ნივთების ჩამორთმევას.
გარემოვაჭრეები აცხადებენ, რომ შეთავაზებული ადგილებიდან არ მოსწონთ არცერთი, რადგან მოუწესრიგებელია და მყიდველი იქ მარტივად ვერ მივა. ისინი ასევე ამბობენ, რომ ვერ შეძლებენ გადასახადების გადახდას.
ზუგდიდის მერია ტერიტორიიაზე დახლების დაშლას გეგმავს, რაც იქ დასაქმებულთათვის მიუღებელია, ისინი გარევაჭრობის უფლებას ითხოვენ.
გარემოვაჭრეების კიდევ ერთი მოთხოვნა მერთან შეხვედრაა. ისინი ამბობენ, რომ თუ მერი მამუკა წოწერია მათთან შესახვედრად აქციაზე არ მივა, შენობაში ძალის გამოყენებით შეიჭრებიან. ეს მათ ერთხელ უკვე სცადეს, რაშიც პოლიციამ შეუშალა ხელი.
რამდენიმე დღის წინ, 1 მაისს, ზუგდიდის ბაზართან აქცია გამართეს ბაზარში დასაქმებულებმა. მათი მოთხოვნა სწორედ გარევაჭრობის აკრძალვა იყო. მათ პრობლემის მოგვარების დაპირება მიიღეს მუნიციპალიტეტისგან და ბაზრის ადმინისტრაციისგან.
გარევაჭრობის აკრძალვას წლების განმავლობაში ცდილობდნენ ზუგდიდში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, თუმცა ყოველი პროტესტის შემდეგ ძველი მოცემულობა ბრუნდებოდა.