სერბეთში მასობრივ მკვლელობაში ეჭვმიტანილს ეძებენ
სერბეთში ძებნაა გამოცხადებული კაცზე, რომელიც ეჭვმიტანილია სულ მცირე 8 ადამიანის მკვლელობასა და 13-ის დაჭრაში. შემთხვევა 4 აპრილის ღამის საათებში მოხდა სერბეთის რამდენიმე სოფელში - დუბონაში, მალო-ორაშსა და შეფშინში. როგორც სერბეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი, RTS-ი, იუწყება, თავდამსხმელს 600-მდე სამართალდამცველი ეძებს, გადაკეტილია სოფლების მისადგომები.
სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბრატისლავ გაშიჩმა ეჭვმიტანილის ვინაობა დაასახელა. მისი თქმით, ის არის 21 წლის უროს ბ. რადიო თავისუფლების ბალკანური სამსახურის ცნობით, პოლიციას თავდასხმის სავარაუდო მოტივი არ დაუსახელებია.
სერბეთის ამ რეგიონში მასობრივი მკვლელობის ეს პირველი შემთხვევა არ არის. ათი წლის წინ, 2013 წლის აპრილში, ლუბიშა ბოგდანოვიჩმა 13 ადამიანი მოკლა მლადენოვაცის მახლობლად მდებარე სოფელ ველიკა-ივანჩაში. სროლის შედეგად დაიღუპა ექვსი კაცი, ექვსი ქალი და ერთი ბავშვი.
მიმდინარე კვირაში ბელგრადის დაწყებით სკოლაში 13 წლის მოზარდმა მამის კუთვნილი იარაღიდან მოკლა 8 მოსწავლე და სკოლის დაცვის თანამშრომელი, დაჭრა 6 მოსწავლე და სკოლის მასწავლებელი.