ილონ მასკმა Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა
Twitter-ის მფლობელმა, მილიარდერმა ილონ მასკმა, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან მიკრობლოგში განაცხადა. ბიზნესმენს არ დაუკონკრეტებია, რატომ ტოვებს ამ თანამდებობას.
მასკის თქმით, მან ამ პოსტზე უკვე იპოვა მემკვიდრე. მასკს მისი ვინაობა არ დაუსახელებია და დასძინა, რომ ის მუშაობას დაახლოებით ექვს კვირაში შეუდგება.
თავად მასკი დაიკავებს კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარისა და ტექნიკური დირექტორის თანამდებობებს.
როგორც The Wall Sreet Journal-ი იტყობინება წყაროებზე დაყრდნობით, NBCUniversal-ის სარეკლამო გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელი ლინდა იაკარინო მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომ გახდეს Twitter-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორი.
ილონ მასკმა Twitter-ი 44 მილიარდ დოლარად შეიძინა გასული წლის ოქტომბერში. მან პირობა დადო, რომ რადიკალურად შეცვლის სოციალური ქსელის მუშაობას, მაგრამ ეს მცდელობა ხმამაღალ სკანდალებში გადაიზარდა. მათ შორის იყო თანამშრომლების გათავისუფლება, მომხმარებლის ფასიანი ვერიფიკაციის შემოღება და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიშის განბლოკვა. თავად მილიარდერი, რომელიც ცნობილი გახდა პირველ რიგში როგორც კორპორაციების, Tesla-სა და SpaceX-ის, ხელმძღვანელი, თავის ნაბიჯებს სიტყვის თავისუფლების დაცვის სურვილით ხსნის. მან Twitter-ის წინა ხელმძღვანელობა დაადანაშაულა ცენზურაში, მათ შორის პოლიტიკური მიზეზების გამო.
გასული წლის ბოლოს მასკმა გამოაცხადა, რომ გადადგებოდა Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან, როდესაც მემკვიდრეს იპოვიდა. მანამდე მასკმა ამ თემაზე გამოკითხვა ჩაატარა და პირობა დადო, რომ მისი შედეგებით იხელმძღვანელებდა. გამოკითხვის 17 მილიონი მონაწილიდან 57 პროცენტზე მეტმა მხარი დაუჭირა მის წასვლას. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ ხმის მიმღებთა შორის ბევრი ბოტი ყოფილიყო.