შსს საშა სევერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად, ე.წ. კანონიერი ქურდი საშა სევერი თბილისში ავტომობილით გადაადგილდება.
უწყებაში აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფენ.
როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საშა სევერი სატრანსპორტო საშუალებას არ მართავდა, არც მგზავრობდა და მას საქართველოს საზღვარი გადმოკვეთილი არ აქვს.
„მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, გვსურს განვაცხადოთ, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ, მოხდა აღნიშნული სანომრე ნიშნით მოძრავი სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და მისი დაჯარიმება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. სატრანსპორტო საშუალებას მართავდა საქართველოს მოქალაქე, რომელმაც საქართველოს საზღვარი აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებით გადმოკვეთა 2020 წელს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა შეაჩერეს ავტომანქანა და რეგისტრაციის წესების დარღვევისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააჯარიმეს. ხოლო, რაც შეეხება პირს, რომლის სახელს და გვარს ავრცელებს მედია, აღნიშნული პირი სატრანსპორტო საშუალებას არ მართავდა, არც მგზავრობდა და მას საქართველოს საზღვარი გადმოკვეთილი არ აქვს!, – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საპატრულო პოლიციამ თბილისში გააჩერა ავტომობილი სანომრე ნიშნებით „ვორ 333“, რომელსაც კრიმინალური ავტორიტეტი საშა სევერი მართავდა.
ამავე ინფორმაციის თანახმად, კანონიერი ქურდი საქართველოში აფხაზეთიდან შემოვიდა და ის ქართული პასპორტით სარგებლობდა.
ვებგვერდზე სადაც კანონიერი ქურდების შესახებ ინფორმაციის მოძიებაა შესაძლებელი, აღნიშნულია, რომ საშა სევერმა კანონიერი ქურდის სტატუსი ჯერ კიდევ 1993 წელს მიიღო. მისი ე.წ. „ნათლია“ კი, ორი ქართველი – ციციშვილი, იგივე ციცკა და ბუხნიკაშვილი, იგივე პეწო იყვნენ.
მას 30 წლიანი ქურდული „კარიერა! აქვს. კრიმინალურ სამყაროში კი, გათანაბრებული იყო ისეთ ავტორიტეტებთან, როგორებიც არიან „დედ ხასანი“ და „იაპონჩიკა“.