სერგი ჩერევატი: უკრაინის სარდლობა განიხილავს ბახმუტში ოკუპანტების ალყაში მოქცევის შესაძლებლობას
უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ ოკუპანტების მოგერიებას ბახმუტის მიმართულებით. დღის განმავლობაში შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს კიდევ 300 მეტრით წინსვლა მტრის სიღრმეში, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის სპიკერმა სერგი ჩერევატიმ განაცხადა.
„დღეს ზოგიერთ რაიონში უკრაინის ნაწილებმა მოახერხეს 300 მეტრით წინსვლა მტრის სიღრმეში. ამ თავდაცვითი ოპერაციის შედეგად ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ნადგურდება ოკუპანტის ცოცხალი ძალა და აღჭურვილობა“, – აღნიშნა ჩერევატიმ.
მან აღნიშნა, რომ შეიარაღებული ძალების წინსვლა თავდაცვითი ოპერაციის ფარგლებში მიმდინარეობს და უკრაინელი სამხედროები გარკვეულ კონტრშეტევას ატარებენ.
„უკრაინის სარდლობა განიხილავს ბახმუტში რუსი ოკუპანტების ალყაში მოქცევის შესაძლებლობას, რადგან უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ფლანგებზე გარკვეული წარმატებები აქვთ. თუმცა ყველაფერი ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული“, – დასძენს უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის სპიკერი.