The Washington Post: პრიგოჟინი კიევს რუსეთის არმიის პოზიციების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სთავაზობდა
The Washington Post-ის ცნობით, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა იანვრის ბოლოს, კიევს რუსული არმიის პოზიციების შესახებ მონაცემების გაცემა შესთავაზა იმის სანაცვლოდ, რომ უკრაინას ბახმუტიდან შეიარაღებული ძალები გამოეყვანა.
ამის შესახებ გამოცემა აშშ-ის დაზვერვის სამსახურის დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს, რომლებიც პლატფორმა Discord-ის ჩატში გავრცელდა.
„პრიგოჟინმა თქვა, რომ თუ უკრაინული სარდლობა თავის ჯარისკაცებს ბახმუტის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიყვანდა, ის კიევს ინფორმაციას მისცემდა რუსული ჯარების პოზიციების შესახებ, რის გამოყენებასაც უკრაინა მათზე თავდასხმისთვის შეძლებდა“, – წერს გაზეთი.
გამოცემის განმარტებით, ეს შეთავაზება უკრაინულ დაზვერვასთან საიდუმლო კომუნიკაციის გზებით გაკეთდა.
დოკუმენტების მიხედვით უცნობია, კონკრეტულად, რუსეთის არმიის რომელ პოზიციებზე აპირებდა პრიგოჟინი ინფორმაციის გაცემას.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, იმის შესახებ, რომ პრიგოჟინი არაერთხელ დაუკავშირდა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოს, გაზეთს ასევე დაუდასტურა ორმა უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა.
როგორც Washington Post წერს, კიევში მიაჩნიათ, რომ კრემლს ინფორმაცია აქვს პრიგოჟინის საიდუმლო კონტაქტების შესახებ და შესაძლებელია, რომ ამგვარი ცნობები საკმარისი იყოს მისთვის „უკრაინის აგენტის“ სტატუსის მისანიჭებლად.