"ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა" აქციას გამართავს
პატიმრობაში მყოფი ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლესთან 27 მაისს, 18:00 საათზე აქცია გაიმართება. ამის შესახებ "ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის" წარმომადგენელმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა, უზენაესი სასამართლოს შენობასთან გამართულ საინფორმაციო აქციაზე დღეს, 16 მაისს, გვარამიას პატიმრობაში ყოფნის ერთი წლისთავზე.
"ჩვენ ვაცხადებთ, რომ ამ ქვეყანას მართლმსაჯულება და სასამართლო სისტემა არ აქვს. ჩვენთვის ცხადია, რომ ამ ქვეყანაში სამართალს ვერავინ იპოვის. სამართალი არ არის არც ნიკასთვის, არც ჩვენთვის და საქართველოს არცერთი მოქალაქისთვის, მაგრამ გვაქვს იმის რწმენა, რომ ჩვენ ბრძოლას აქვს აზრი და ჩვენი ბრძოლით მივაღწევთ იმას, რომ ნიკა მალე იქნება თავისუფალი", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
მისი სიტყვით, 27 მაისს, 6 საათზე, საპროტესტო აქცია პრეზიდენტის სასახლესთან გაიმართება იმისთვის, რომ "საქართველოში აღარ უნდა იყვნენ პოლიტპატიმრები და ეს გასაღები აქვს საქართველოს პრეზიდენტს... პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ნიკა და საქართველო არ იქნება თავისუფალი", - თქვა გედევან ფოფხაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. აშშ-ის საელჩომ ამერიკაში დაგეგმილ პროგრამაში მონაწილეთა სიიდან მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ ამოიღო.
2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა.