რუსეთი არ გამორიცხავს, რომ მის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდება შუა აზიის ზოგიერთი ქვეყანაც
ცენტრალური აზიის ზოგიერთი ქვეყნისგან არის მინიშნება, რომ შესაძლოა, შეუერთდნენ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებს. ამის შესახებ, როგორც სააგენტო „ტასი“ წერს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინმა განაცხადა სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, რომელიც ცენტრალურ აზიას ეხებოდა.
გალუზინის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ცალმხრივი ეკონომიკური შეზღუდვების დაუშვებლობისა და არალეგიტიმურობის შესახებ რუსეთის და ცენტრალური აზიის ქვეყნების პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა, ზოგიერთ მათგანს არ სურს გარისკვა და მიანიშნებენ, რომ მზად არიან დასავლეთის სანქციებს მისდიონ.
გალუზინის მტკიცებით, რუსეთი არავის კარნახობს საგარეო და შიდა პოლიტიკურ კურსს, როცა ეს არ ეწინააღმდეგება "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის", "ევრაზიის ეკონომიკური კავშირის" და დსთ-ის ფარგლებში აღებულ ურთიერთვალდებულებებს.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, რუსეთში დარწმუნებული არიან, რომ "ცენტრალური აზიის დედაქალაქებში კარგად ხედავენ და ესმით, რომ რუსეთთან კავშირების ხელოვნურად დანგრევას მოჰყვება გაცილებით მძიმე ზარალი, ვიდრე მეორადი სანქციებისგან დანახარჯს“.
ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი ამ დრომდე არ შეერთებიან უკრაინაში შეჭრის გამო დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს.
ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყნის ლიდერი რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან ერთად, 9 მაისს მოსკოვის წითელ მოედანზე დაესწრო "დიდ სამამულო ომში" გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს.