გენერალ ზალუჟნის ცნობით, რუსეთის თავდასხმისას გამოყენებული 18-ვე რაკეტა მოიგერიეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის ინფორმაციით, გამთენიისას, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინას ჩრდილოეთ, სამხრეთ და აღმოსავლეთ მიმართულებებიდან შეუტიეს 18 რაკეტით.
გენერალ ზალუჟნის თანახმად, მოწინააღმდეგემ გამოიყენა 6 აერობალისტიკური რაკეტა „კინჟალი“, საზღვაო ბაზირების 9 რაკეტა „კალიბრი“ და 3 სახმელეთო რაკეტა ეს-400, „ისკანდერი“.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 18-ვე რაკეტა გაანადგურეს.
უკრაინის დედაქალაქ კიევში სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა რუსეთის თავდასხმის გამო წუხელ გამოცხადებული საჰაერო განგაში. ამოქმედებული იყო საჰაერო თავდაცვის სისტემა.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს და საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოგერიებული რუსული რაკეტების ნამსხვრევებმა კიევის სხვადასხვა რაიონში დააზიანა რამდენიმე შენობა და ავტომობილები. დაშავდა 3 ადამიანი.
კიევში საჰაერო განგაში 02:24 საათიდან გამოცხადდა და მოგვიანებით მოიცვა უკრაინის ყველა ოლქი სუმის, ხარკოვის და დონეცკის ოლქების გარდა. განგაში დილის 6 საათისთვის შეწყდა.