უკრაინელი სამხედროების მოსამზადებლად გერმანიაში ჩაიტანეს ამერიკული ტანკები Abrams
უკრაინის თავდაცვის ძალების სამხედროების მოსამზადებლად გერმანიაში, გრაფენვიორის ბაზაზე ჩაიტანეს 31 ამერიკული ტანკი Abrams. შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის, გენერალ პეტ რაიდერის ინფორმაციით, რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად ტანკების ფრონტზე გაგზავნამდე, უკრაინულ ეკიპაჟებს და ტექნიკურ ჯგუფებს გერმანიაში მოამზადებენ. მათი სწავლება უახლოეს ხანში დაიწყება, ამერიკული Abrams-ები კი, საბრძოლო მოქმედებებში შემოდგომისთვის ჩაერთვებიან.
პენტაგონის თანახმად, თავდაპირველად დაგეგმილი იყო უკრაინისთვის ახალი მოდელის ტანკების, M1A2 Abrams-ის შეძენა, თუმცა ვადების შესამცირებლად გადაწყდა M1A1 ტიპის ტანკების მოდერნიზება და დღეს მათი შესაძლებლობები თითქმის იგივეა, რაც M1A2-ის.
მანამდე ამერიკელმა ინსტრუქტორებმა უკრაინელი სამხედროები გაწვრთნეს ჯავშანმანქანების, Stryker-ის და Bradley-ს სამართავად. პენტაგონის მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ, ამერიკელმა სამხედროებმა სხვადასხვა ტიპის სწავლება ჩაუტარეს, საერთო ჯამში, 10 700-მდე უკრაინელ ჯარისკაცს.
შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 9 მაისამდე ამერიკამ უკრაინას გაუწია 36.9 მილიარდ დოლარზე მეტის სამხედრო დახმარება.