უკრაინის გენშტაბი: გასულ 24 საათში ბახმუტის და კიდევ 3 მიმართულებით 49 შეტაკება მოხდა
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში, 15 მაისს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 48 საავიაციო და 2 სარაკეტო დარტყმა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, სულ მცირე 50-ჯერ დაცხრილეს თავდაცვის ძალების პოზიციები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა ისევ კონცენტრირებული აქვს აღმოსავლეთში - ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით, სადაც გასულ 24 საათში 49 შეტაკება მოხდა.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრში რჩებიან ბახმუტი და მარინკა. გენშტაბის თანახმად, ქალაქ ბახმუტისთვის მძიმე ბრძოლა გრძელდება, მის შემოგარენში კი, მოწინააღმდეგე უშედეგოდ უტევდა დასახლებული პუნქტის, ივანოვსკოეს მიმართულებას. გენერალური შტაბის ცნობითვე, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქალაქ მარინკის რაიონში მოიგერიეს მოწინააღმდეგის „მრავალრიცხოვანი შეტევა“.
გენშტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში უკრაინის ავიაციამ 9 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებზე და 7 დარტყმა - საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების პოზიციებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 5 რაიონი, მართვის 3 პუნქტი, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი და საცეცხლე პოზიციებზე მყოფი 4 საარტილერიო ქვედანაყოფი.