ანა წითლიძე: სამარცხვინო ხართ ყველა ოპოზიციონერი, ვინც ხმა მიეცით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ანა წითლიძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის პროცესში რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატის მონაწილეობას ეხმაურება.
„ყველა ოპოზიციონერი, ვინც ხმა მიეცით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას – რაც ხართ ჩემზე უკეთ იცით. აუცილებლად უნდა ითქვას ვინ იყვნენ ეს ადამიანები და აუცილებლად უნდა დაერქვათ სახელი. ასეთების გამო ყველა ერთ ქვაბში ვიხარშებით, ასეთი გადაკერვების გამო არის ოცნება დღემდე ხელისუფლებაში. სამარცხვინო“, – წერს წითლიძე FACEBOOK-ზე.
ცნობისთვის, დეპუტატებმა პლენარულ სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე ხუთი წევრიდან სამის: ტრისტან ბენაშვილის, გიორგი გზობავასა და ზურაბ გურასპაშვილის არჩევა მოხერხდა.
ფარული კენჭისყრის დროს, არამოსამართლე წევრების ასარჩევად საჭირო 90 ხმა შეგროვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ არჩევას ხმა ოპოზიციის სამმა წევრმაც დაუჭირა, ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.