კიევზე საჰაერო შეტევა იყო
დღეს დილამდე გაგრძელდა რუსეთის მორიგი შეტევის გამო უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე წუხელ გამოცხადებული საჰაერო განგაში.
რუსეთის სამხედრო ძალებმა მაისის დასაწყისიდან მეცხრე საჰაერო იერიში მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევზე. საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის წინასწარი ინფორმაციით, რუსულმა სტრატეგიულმა ბომბდამშენებმა, ტუ-95-მა და ტუ-160-მა კიევს ფრთოსანი რაკეტებით (Х-101/555) შეუტიეს.
ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ყველა რუსული რაკეტა გაანადგურა. მათი ნამსხვრევების ჩამოცვენამ ხანძარი გამოიწვია კიევის რამდენიმე რაიონში. ზარალი ჯერ დაზუსტებული არ არის. აფეთქებები იყო ხმელნიცკის და ვინიცის ოლქებშიც. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ამოქმედებული იყო საჰაერო თავდაცვის სისტემა.
17 მაისს, საღამოს რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა ოდესაზეც. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ერთ-ერთი რაკეტა სამრეწველო ობიექტს მოხვდა. დაიღუპა 1 და დაიჭრა 2 ადამიანი. ადმინისტრაციის თანახმად, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსული რაკეტების უმრავლესობა შავი ზღვის თავზე ჩამოაგდეს.