ბორელი გამოდის წინადადებით, ევროპის სამშვიდობო ფონდი გაიზარდოს 3.5 მილიარდი ევროთი
ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი ჟოზეპ ბორელი გამოდის წინადადებით, კიდევ 3,5 მილიარდი ევროთი გაიზარდოს ევროპის სამშვიდობო ფონდის მოცულობა, რომლიდანაც ფინანსდება სამხედრო დახმარება უკრაინისთვის. ამის შესახებ იუწყება სააგენტო Reuters-ი.
ბორელმა ფინანსური ფონდის გაზრდა გადაწყვიტა იმის გამო, რომ ფონდში არსებული თანხები იწურება.
ევროპის სამშვიდობო ფონდი არის ბიუჯეტის გარე ინსტრუმენტი, რომლის სრული მოცულობაც ამჟამად შეადგენს თითქმის რვა მილიარდ ევროს. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ამ ფონდიდან იღებენ ნაწილობრივ კომპენსაციას უკრაინის დასახმარებლად დახარჯული თანხებისთვის. ამ მომენტისთვის ფონდიდან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სახით უკვე დახარჯულია 4,6 მილიარდ ევრომდე.
ევროპის სამშვიდობო ფონდიდან ასევე ხორციელდება სხვა ქვეყნების მხარდაჭერაც - მათ შორის საქართველოს, მოლდოვის, მალის, სომალის, მოზამბიკის, იორდანიის.
ბოლო დღეებში უნგრეთმა დაბლოკა 500 მილიონი ევროს ოდენობის მორიგი ტრანში ევროპის სამშვიდობო ფონდიდან. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პეტერ სიიარტოს თქმით, ეს ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ უკრაინამ უნგრეთის OTP Bank-ი ომის საერთაშორისო მხარდამჭერების სიაში შეიტანა.