არსებობს გარკვეული წესები, ნაბიჯები, პროცესი ვიზის მისაღებად - დეგნანი ანსამბლ "მართვეზე"
აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას იმაზე, რომ საკონსულომ ანსამბლ "მართვეს" წევრებისთვის აშშ-ის ვიზები არ გასცა. დეგნანი განმარტავს, რომ მედიით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა და აღნიშნავს, რომ არსებობს გარკვეული წესები, ნაბიჯები და პროცესი ვიზის მისაღებად.
"ყოველ წელს ათასობით ქართველი მიემგზავრება ამერიკაში. ამის გარდა, გვაქვს კულტურული და საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამები, რომელთა მეშვეობით საქართველოს მოქალაქეები მიემგზავრებიან აშშ-ში. გასულ თვეს 30 მოცეკვავეს მიეცა ვიზები, გასულ კვირას ზუსტად მოცეკვავეებს და მომღერლებს მიეცათ ვიზები, რათა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღონ მონაწილეობა კონგრესის ბიბლიოთეკაში.
ზოგჯერ ხალხს სურს, რომ მათ განსაკუთრებულად უნდა მოექცნენ და არ გაიარონ ის ნაბიჯები, რაც საჭიროა. არსებობს გარკვეული წესები, ნაბიჯები, პროცესი ვიზის მისაღებად. ეს არის გამჭვირვალე და ყველანაირი ინფორმაცია მოცემულია ჩვენს ვებსაიტზე. ჩვენ ვაძლევთ რეკომენდაციებს, როგორ შეიძლება დაჩქარდეს ვიზის გაცემა და თუკი ამას მიჰყვებიან, მიიღებენ ვიზებს. ეს არის მარტივი ჭეშმარიტება და ეს არის ფაქტები", - თქვა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან კომენტარში.
16 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ანსამბლი „მართვე“, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრებოდა, დატოვეს საქართველოში.
"ანსამბლი „მართვე“ მიდიოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ყველაფერი შეთანხმებული იყო თავიდან ბოლომდე. მათ შორის, ბილბორდები იყო ადგილზე გამოკრული, რომელ ოჯახებში უნდა ყოფილიყვნენ გადანაწილებული. ბავშვებზეა საუბარი - 12, 11 და 14 წლის ბავშვი ამერიკაში ხომ არ დარჩება მარტო. ყველაფერი დაორგანიზებული იყო ამერიკული მოწვევით.
სტანდარტულად შეავსეს ერთბაშად განაცხადები და როცა ჯგუფია, მარტივად ხდება ეს ყველაფერი - 2 კვირაში, მაქსიმუმ ერთ თვეში უნდა ჩაურტყან ვიზები. ივლისში უნდა ყოფილიყო ეს გასტროლები და საბოლოო ჯამში უთხრეს, რომ ერთბაშად არ მოხდებოდა ვიზების გაცემა, სათითაოდ უნდა შეეტანათ. აბსურდია და ვადები უთხრეს ნოემბრის ჩათვლით, როცა ივლისში იყო გასტროლები. 50 ბავშვი, მთელი „მართვე“ დატოვეს საქართველოში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მანვე დაამატა, რომ აშშ-ის ელჩმა უნდა იმუშაოს სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე, პირდაპირ ფრენებსა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერაზე.