ანექსირებულ ყირიმში სარკინიგზო ავარია მოხდა, სავარაუდოდ, აფეთქების შედეგად
რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში სარკინიგზო ავარია მოხდა, სავარაუდოდ, აფეთქების შედეგად.
ყირიმის ე.წ. მეთაურის, სერგეი აქსიონოვის მიერ ტელეგრამით გავრცელებული ინფორმაციით, სიმფეროპოლის რაიონში რელსებიდან გადავიდა ხორბლით დატვირთული შემადგენლობა. აქსიონოვის თანახმად, არავინ დაშავებულა. დროებით შეწყდა ელექტრომატარებლების მიმოსვლა სიმფეროპოლი-სევასტოპოლის მიმართულებით. რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ე.წ. მეთაური ავარიის მიზეზს არ ასახელებს.
„ყირიმის რკინიგზის“ ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული შეტყობინებით, სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავიდა „გარეშე პირების ჩარევის“ შედეგად. რა ჩარევა იყო, დაკონკრეტებული არ არის.
რუსული ტელეგრამ-არხი Baza იუწყება, რომ რკინიგზაზე მოხდა აფეთქება, რომლის შედეგად, რელსებიდან გადავარდა ხორბლით დატვირთული 5 ვაგონი. აფეთქების შესახებ წერს ტელეგრამ-არხიც Mash-ი. მისი ინფორმაციით, აფეთქების ადგილზე დაახლოებით 15-მეტრიანი ორმო გაჩნდა.