ღარიბაშვილმა ერდოანს არჩევნების პირველ ტურში მიღწეული წარმატება მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის მოქმედ პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოანს, ტელეფონით ესაუბრა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღარიბაშვილმა მას პირველ ტურში მიღწეული წარმატება მიულოცა.
"პრემიერ-მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს არჩევნების წარმატებით ჩატარება, პირველ ტურში მიღწეული წარმატება, ხოლო საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის მიერ ხმათა უმრავლესობის მოპოვება მიულოცა... საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტ ერდოანს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წარმატებით ჩატარება უსურვა", - წერია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 2023 წლის 14 მაისს გაიმართა. საპრეზიდენტო არჩევნებში გასამარჯვებლად საჭირო იყო რომელიმე კანდიდატს მიეღო ხმების ნახევარზე მეტი - ერდოანს აქვს ამომრჩეველთა ხმების 49,51 პროცენტი, მის მთავარ მეტოქეს, ქემალ ქილიჩდაროღლუს კი 44,88 პროცენტი.
თურქეთში 28 მაისს ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური.