ისთ ფოინთი: სავაჭრო ცენტრის დანაღმვაზე შეტყობინება შემოვიდა, მიმდინარეობს ევაკუაცია
"უსაფრთხოების ინსტრუქციის თანახმად, მივმართეთ 112-ს. ამ ეტაპზე 112-ის უსაფრთხოების პროტოკოლის შესაბამისად მიმდინარეობს ევაკუაცია და მთელი ღამის განმავლობაში ჩატარდება სამუშაოები. სავაჭრო ცენტრი მუშაობას ხვალ, 10:00 საათიდან განაგრძობს", - წერია ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
მანამდე, შენობის დანაღმვის შესახებ შეტყობინება მიიღო "თბილისი ცენტრალმაც". სავაჭრო ცენტრის დირექტორი, ლევან ყარალაშვილი ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ შეტყობინება ელექტრონული ფოსტით მიიღო.
"ყველა ობიექტი ინფორმირებულია, მოხდა შენობის ევაკუაცია. დღესდღეობით, შენობა დაკეტილია", - ამბობს ის.
დღის განმავლობაში ევაკუაცია რამდენიმე სასამართლოში გამოცხადდა, მათ შორის თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. უზენაეს სასამართლოში რადიო თავისუფლებას უთრხეს, რომ თანამშრომლები შენობიდან უსაფრთხოების მიზნით გაიყვანეს.
დილით ევაკუაცია გამოაცხადეს ასევე თბილისში, ერთ-ერთ კერძო სკოლაში - "ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში", რომელშიც უცხოელი მოსწავლეებიც სწავლობენ, ევაკუაცია გამოცხადდა. სკოლის ადმინისტრაციამ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღო შეტყობინება შენობაში ბომბის არსებობის შესახებ.