"შშმ ქალთა ორგანიზაცია" არასრულწლოვანი გოგოების სექსუალური შევიწროების შემთხვევებზე საუბრობს
"შშმ ქალთა ორგანიზაციის" ხელმძღვანელი დეა ერემაშვილი სმენადაქვეითებული ბავშვების სექსუალურად შევიწროების შემთხვევებზე საუბრობს. მან განცხადებით აჭარის პროკურატურასაც მიმართა, ჟურნალისტებს კი უთხრა, რომ არსებობს ვიდეოკადრები, რომლებიც მის მონაყოლს ადასტურებს.
"რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელებში მიმდინარეობდა ამ საკითხის განხილვა, რომ არსებობდა ასეთი ვიდეოები... ამ საუბრის დაწყებამ ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია და არაერთი ალაპარაკდა ამის შესახებ. ბავშვების ასაკი, როგორც ვიცი, 8 წლის ასაკიდან იწყება. არის სხვადასხვა ტიპის "ჰარასმენთი", არასასურველი შეხება, უფრო მძიმე ფორმაზე, პირადი ცხოვრების ვიდეოს გაგზავნაზე. გამოიკვეთა, რომ ხდება ყრუთა თემის სეგრეგაცია, არ ისწავლება ჟესტური ენა სკოლაში და სხვა ადამიანებს არ აქვთ შესაბამისი კომუნიკაცია მათთან [ინფორმაციის მისაღებად]", - თქვა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დეა ერემაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გამოძიება დაიწყეს ინფორმაციის მიღებისთანავე და ტარდება შესაბამისი მოქმედებები.