ლიპეცკში ხელისუფლება მოსახლეობას შინ დარჩენისკენ მოუწოდებს
რუსეთის სამხრეთ-დასავლეთის ქალაქ ლიპეცკის ხელისუფლებამ მოქალაქეებს მოუწოდა 24 ივნისს, შინ დარჩნენ. განცხადება გავრცელდა მას მერე, რაც რუსეთში მღელვარებაა კერძო შეიარაღებული გაერთიანების, „ვაგნერის“ ქმედების გამო.
ლიპეცკიდან მოსკოვამდე 500 კილომეტრია.
გავრცელებული ცნობებით, 24 ივნისს "ვაგნერელი" შევიდნენ დონის როსტოვში. შემდგომ, როსტოვის ჩრდილოეთით მდებარე ვორონეჟის ოლქის გუბერნატორი იყობინებოდა, რომ:
"ვორონეჟში დიმიტროვის ქუჩაზე მდებარე ნავთობის ბაზაზე, არსებულ საწვავის რეზერვუარზე გაჩენილი ხანძრის ქრობა მიმდინარეობს. ადგილზე მუშაობს 100-ზე მტი მეხანძრე და 20 ერთეული ტექნიკა. პირველადი მონაცემებით მსხვერპლი არ არის."
მანამდე გუსევმა განაცხადა, რომ რეგიონში ოპერატიულ-საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, მან უარყო უშუალოდ ქალაქში „ვაგნერის“ ძალების ყოფნის თაობაზე სოციალური ქსელებით გავრცელებული ცნობები.
„ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაადანაშაულა გასამხედროებულ დანაყოფზე თავდასხმაში, რასაც, მისი თქმით, „ვაგნერის“ რიგებში დიდი მსხვერპლი მოჰყვა. პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს "ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს".
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" ამბოხის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა და მათ ქმედებებს "ღალატი" და "რუსეთისთვის ზურგში დარტყმა" უწოდა. პუტინმა აღიარა, რომ დონის როსტოვში სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების მუშაობა პრაქტიკულად დაბლოკილია. მანვე თქვა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს ბრძანება "გაანეიტრალონ ისინი, ვინც მოაწყო შეიარაღებული აჯანყება“.