რუსეთის პატრიარქი კირილი ვაგნერის მებრძოლებს მოუწოდებს, „დაფიქრდნენ“
რუსეთის პატრიარქმა კირილმა გამოაქვეყნა მიმართვა, რომელშიც მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და მოუწოდა "ვაგნერის" დაქირავებულ მებრძოლებს, დადონ იარაღი.
„როდესაც მტრები ყველა ღონეს ხმარობენ რუსეთის განადგურებისთვის, ქვეყნის შიგნით უთანხმოების დათესვის ნებისმიერი მცდელობა არის უდიდესი დანაშაული, რომელსაც არ აქვს გამართლება. როგორც რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი, მოვუწოდებ მათ, ვინც აიღო იარაღი და მზად არის გამოიყენოს იგი თავისი ძმების წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ დაფიქრდეს. მე მხარს ვუჭერ სახელმწიფოს მეთაურის [პუტინის] ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ჩვენს ქვეყანაში არეულობის თავიდან აცილებისკენ“, - ციტირებს მოსკოვის საპატრიარქოს პრესსამსახური კირილს.
თავის მიმართვაში პატრიარქმა აღნიშნა, რომ სამხედრო დაპირისპირება გამოცდაა. მან მოუწოდა რუსებს, შეინარჩუნონ ეროვნული ერთიანობა, ასევე მთელი ძალით მხარი დაუჭირონ ჯარისკაცებს და ერთმანეთს.
23 ივნისის საღამოს, "ვაგნერის" კერძო სამხედრო კომპანიის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა დაადანაშაულა რუსი სამხედროები დაქირავებულთა ბანაკზე თავდასხმაში და გამოაცხადა, რომ ფაქტობრივად სამხედრო გადატრიალებას გეგმავს რუსეთში. ამას მან „სამართლიანობის მარში“ უწოდა.
24 ივნისის დილისთვის "ვაგნერის" მებრძოლებმა დაიკავეს დონის როსტოვი. მოგვიანებით, გაჩნდა ინფორმაცია, რომ ისინი ვორონეჟში რამდენიმე სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრ გუსევმა განაცხადა, რომ რეგიონში მიმდინარეობს „ოპერატიული საბრძოლო მოქმედებები“. რეგიონის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ეხმით ბრძოლის ხმები.