ზელენსკი რუსეთის მოვლენებზე: ვინც ბოროტების გზას ირჩევს, საკუთარ თავს ანადგურებს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლების ამბოხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აშკარაა რუსეთის სისუსტე.
"ვინც ბოროტების გზას ირჩევს, საკუთარ თავს ანადგურებს. ჯარისკაცების კოლონებს სხვა ქვეყანაში სიცოცხლის გასანადგურებლად გზავნის და ვერ აჩერებს მათ გაქცევას და ღალატს...", - წერია ზელენსკის განცხადებაში, რომელიც მის ტელეგრამარხზე გავრცელდა.
მისივე სიტყვებით, რუსეთი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა, პროპაგანდით დაემალა საკუთარი ხელისუფლების "სისუსტე და სისულელე", ახლა კი ისეთი ქაოსია, ერთი ტყუილიც ვერ დაფარავს მას.
"აშკარაა რუსეთის სისუსტე, სრულმასშტაბიანი სისუსტე. რაც უფრო დიდხანს დატოვებს რუსეთი თავის და დაქირავებულ ჯარს ჩვენს მიწაზე, მით უფრო მეტ ქაოსს, ტკივილსა და პრობლემებს მიიღებს მოგვიანებით. ესეც აშკარაა. უკრაინას შეუძლია, დაიცვას ევროპა რუსული ბოროტებისა და ქაოსისგან.
ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენს ერთობასა და ძალას.
ყველა ჩვენმა მეთაურმა, ყველა ჩვენმა ჯარისკაცმა იცის, რა უნდა გააკეთოს. დიდება უკრაინას!" - წერია უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაში.
23 ივნისს, პარასკევს, „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაადანაშაულა გასამხედროებული დანაყოფის ზურგის განლაგებაზე თავდასხმაში, რასაც, რუსი ბიზნესმენის თქმით, „ვაგნერის“ რიგებში დიდი მსხვერპლი მოჰყვა.
პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს „ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს“.
ამავე დროს, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ „ეს არ არის სამხედრო გადატრიალება, ეს არის სამართლიანობის მარში“.
პუტინმა „ვაგნერი“ ამბოხის მცდელობაში დაადანაშაულა და მათ ქმედებებს „ზურგში დარტყმა“ უწოდა.