ანჯეი დუდა და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს დასავლეთ უკრაინაში შეხვდნენ
სახელმწიფოს მეთაურთა შეხვედრა გაიმართა 1943 წლის ე.წ. ვოლინის ტრაგედიის წლისთავის წინა დღეს, როდესაც უკრაინის მეამბოხეთა არმიის (UPA) ძალებმა დახოცეს პოლონური წარმოშობის 50 ათასზე მეტი ადგილობრივი მაცხოვრებელი.
პრეზიდენტები წირვას წმინდა პეტრე-პავლეს კათოლიკურ საკათედრო ტაძარში დაესწრნენ. "უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად პატივს მივაგებთ დახოცილი პოლონელების ხსოვნას", - დაწერა დუდამ თავის ტვიტერში.
1943 წელს ვოლინში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების ინტერპრეტაცია პოლონეთისა და უკრაინის საერთო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხია. მანამდე ანჯეი დუდამ აღნიშნა, რომ ბოლო წლებში უკრაინის მთავრობამ ბევრი რამ გააკეთა ამ სფეროში დაახლოებისთვის. კერძოდ, შესაძლებელი გახდა სამძებრო და საექსჰუმაციო სამუშაოები, რომელიც მანამდე არ ჩატარებულა.
"ეს თვისობრივ ცვლილებაზე მიუთითებს: დღევანდელ უკრაინის მთავრობას უფრო მეტი გაგება აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით, ვიდრე მის წინამორბედებს რამდენიმე წლის წინ", - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.
28 ივნისს კიევში წინა ვიზიტის დროს ანჯეი დუდა შეხვდა ვოლოდიმირ ზელენსკის და ლიეტუვის პრეზიდენტ, გიტანას ნაუსედას. მათ განიხილეს უკრაინის მხარდაჭერის საკითხები, როგორც ევროკავშირის შიგნით, ისე ორმხრივ ფორმატში.