ევროსაბჭო გმობს ძალადობას "თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ
„მე და ევროსაბჭო ვგმობთ ძალადობას, რომელიც წინ უძღვოდა და [რომელმაც] ჩაშალა "თბილისი პრაიდი". გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება არსებითია დემოკრატიული საზოგადოებისთვის“ , - წერს ის ტვიტერზე.
ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, ოფიციალური ვიზიტით, ახლახან თბილისში იმყოფებოდა და პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსაც შეხვდა.
1 ივლისს, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა მონაწილეობა მიიღო ქალთა საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოს პრეზიდენტის მიერ. სალომე ზურაბიშვილთან პირისპირ შეხვედრისას, მან ხაზი გაუსვა თანამშრომლობის „სტრატეგიულ“ მნიშვნელობას დემოკრატიული ფასეულობების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებებით.
ძალადობა დაგმო ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, დუნია მიატოვიჩმაც. „ძალადობა მიუღებელია, სწორედ ეს ვუთხარი საქართველოს პრემიერ-მინისტრს", - წერს ის ტვიტერზე.
კომისარმა ეს სიტყვები 2 ივლისსაც წარმოთქვა, „თბილისი პრაიდის“ კვირეულის გახსნისას, თბილისში. ღონისძიების მონაწილეებს მან უთხრა, რომ, 1 ივლისს შეხვედრის დროს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს „ძალადობის აბსოლუტურ მიუღებლობაზე“ ელაპარაკა. დუნია მიატოვიჩმა "თბილისი პრაიდს" „თავისუფლების, სიყვარულის, თანასწორობის, მრავალფეროვნების“ ზეიმი უწოდა.
8 ივლისს, „ლისი ვანდერლენდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, „თბილისი პრაიდის“ ფესტივალის ჩასაშლელად ჰომოფობიური, ანტიდასავლური აქციის მონაწილეები შეიჭრნენ და ტერიტორია დაარბიეს. გავრცელებულ ფოტო- და ვიდეომასალებში ჩანს, რომ ისინი ანადგურებენ ნაგებობებსა და საგნებს კერძო ტერიტორიაზე. კადრებში ასახულია მათ მიერ ფესტივალისთვის მომზადებული გაზიანი სასმელებისა თუ სხვა ნივთების დატაცების ფაქტები.
საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი და არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდებენ. 8 ივლისის მოვლენებს ისინი 2021 წლის 5 ივლისის ძალადობის გაგრძელებად მიიჩნევენ, როცა ორგანიზატორები არ დასჯილან.
8 ივლისის აქციის მთავარი ორგანიზატორი, 5 ივლისის მსგავსად, კვლავ „ალტ-ინფოს“ ჯგუფი იყო, რომელიც მკაფიოდ პრორუსული განწყობებით გამოირჩევა. ლიდერები წინა დღეებში ძალადობით იმუქრებოდნენ.
შს სამინისტროს განცხადებით, აქციის მონაწილეების შეჩერება „გაშლილ ტერიტორიაზე“ მათი სიმრავლის გამო ვერ მოხერხდა.
ფესტივალის ორგანიზატორთა შეფასებით კი, ხელისუფლებამ წაახალისა და მხარი დაუჭირა ძალადობას და ეს იყო საქართველოს ხელისუფლების მიერ, "პუტინისტურ მოძალადე ჯგუფთან ერთად ორგანიზებული თავდასხმა დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე და უდანაშაულო ადამიანებზე, რომლებსაც სურდათ კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებით სარგებლობა".