ბრიუსელში გაიმართა სომხეთისა და აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკების მორიგი რაუნდი
მანამდე, ბაქომ მთიანი ყარაბაღის სეპარატისტებს ბრალი დასდო ამ რეგიონში სამგზავრო თვითმფრინავების რადიოკავშირისთვის ხელის შეშლაში. მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლობამ ბრალდება უარყო.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი და ევროპული საბჭოს თავმჯდომარე, შარლ მიშელი ერთმანეთს შეხვდნენ ბელგიის დედაქალაქში მოსალაპარაკებლად, რაც მიმართულია ათწლეულების განმავლობაში, დე იურე აზერბაიჯანის კუთვნილი, სომხებით დასახლებული მთიანი ყარაბაღის რეგიონის გამო მიმდინარე კონფლიქტის მოგვარებისკენ, - იტყობინება აზერბაიჯანის მხარე.
ევროპული საბჭოს თავმჯდომარე, შარლ მიშელი შუამავალია მოლაპარაკებისა, რომელიც გაიმართა ორ ქვეყანას შორის განახლებული დაძაბულობის ფონზე მას მერე, რაც აზერბაიჯანმა დროებით დაკეტა ლაჩინის დერეფანი, სომხეთის და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი ერთადერთი სახმელეთო კავშირი.
15 ივლისის შეხვედრა თითქმის სამ საათს გაგრძელდა.
მთიანი ყარაბაღი 1990-იან წლებში ომის შემდეგ დაიკავეს სომხურმა ძალებმა და რეგიონის დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. 2020 წლის შემოდგომაზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხანმოკლე ომის შედეგად, რომელიც რუსეთის შუამავლობით დასრულდა, ბაქომ რეგიონსა და სომხეთის მიერ ადრე დაკავებულ არეალებზე კონტროლის აღდგენა შეძლო.
ზავის შედეგად რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ძალები განლაგდნენ, რომლებიც აკონტროლებენ ლაჩინის დერეფანს. ბაქო და ერევანი ცდილობენ მორიგდნენ ევროკავშირის და აშშ-ის დახმარებით, რომელთა დიპლომატიური აქტიურობა კავკასიაში აღიზიანებს რუსეთს.
15 ივლისს რუსეთი გამოვიდა წინადადებით, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღოს და სამშვიდობო შეთანხმება მოსკოვში გაფორმდეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთი მზად არის „მოაწყოს საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა უახლოეს მომავალში“. სამინისტროს წინადადებით, სამომავლო უმაღლესი დონის შეხვედრა შეიძლება გაიმართოს მოსკოვში და ხელი მოეწეროს შეთანხმებას.
ევროკავშირის შუამავლობით მოლაპარაკების წინა რაუნდების დროს სამშვიდობო შეთანხმების მომზადების საქმეში გარკვეული წინსვლა იყო, მაგრამ მასზე ხელმოწერა მომავლის საქმედ რჩება.
სომხეთი თანახმაა, მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად ცნოს, მაგრამ მოითხოვს იქ მცხოვრები ეთნიკური სომხების დაცვის საერთაშორისო მექანიზმებს. ბაქოს სურს, ამგვარი გარანტიების მიცემა შიდასახელმწიფოებრივ და არა საერთაშორისო დონეზე მოხდეს.