გახარია: „ოცნებამ" საკუთარ მოსახლეობას ჰიბრიდული ომი გამოუცხადა
ექსპრემიერმა, პარტიის „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ 29 ივლისს განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ძალაუფლების შესანარჩუნებლად „ჩვენი შვილების მომავლით ვაჭრობს“ და ქვეყანას რუსეთთან პირისპირ მარტო ტოვებს.
გიორგი გახარიამ თქვა, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს დაწყების შემდეგ კიდევ მინიმუმ 10-15 წელი დასჭირდება, მმართველი პარტია კი ამ პერსპექტივას „დღევანდელ სავარძლებში და კაბინეტებში“ ცვლის. „ოცნებამ“ საკუთარ მოსახლეობას ჰიბრიდული ომი გამოუცხადა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ საქართველომ ევროპული ინტეგრაციის ფასი 2008 წლის ომის დროს გადაიხადა და ხელისუფლების წარმომადგენლები ახლა „დაღუპული ქართველი ჯარისკაცების და ახალგაზრდების სიცოცხლეს აუფასურებენ, ჰაერს ატანენ“.
„რასაც ესენი აკეთებენ, ტოვებენ ამ ქვეყანას მარტო პირისპირ რუსეთთან, ვერ იქნება მშვიდობის მომტანი. აქ კომპრომისები არ იქნება, არც ერთ შემთხვევაში. ეს არც გაფრთხილება და არც მუქარაა, ეს ობიექტური რეალობაა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.