გიო ადამია: ჩემი თვალით ვხედავდი როგორ დაცოცავდა ტასო მეწყერში სამ საათზე მეტხანს, ვერ მიდიოდა, გაწვა, ყველაფერი სცადა
“ჩემი თვალით ვხედავდი როგორ დაცოცავდა ტასო მეწყერში სამ საათზე მეტხანს, ვერ მიდიოდა, გაწვა, ყველაფერი სცადა. ჩვენ ვიდექით კალცის წყალთან ხიდზე, იქ ყველაფერი მეწყერმა დაფარა ნახევარ წუთში. ოდნავ შემაღლებულისკენ რომ გავიწიეთ, ისევ მეწყერმა გადაგვიარა და 20 მეტრზე მეტი გვათრია. დავითი და მაშო უფრო შორს წაიყვანა. ჩვენს ირგვლივ ყველგან მეწყერი იყო, გაყინულ ტალახში ვიდექით და ველოდებოდით ვერტმფრენს 3 საათი. ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze შენ არ განგიცდია რას ნიშნავს ბავშვი ზურგზე გეჯდეს და მუხლამდე ეფლობოდე მეწყერში, ყოველ ფეხის ჩადგმაზე ქვები გსერავდეს, სიარულის ძალა არ გქონდეს, ყოველ წამს ახალი ტალღის გეშინოდეს. არც ის განგიცდია ბავშვით ხელში, შენს წინ მეწყერის ორ მეტრიან ტალღას უყურებდე, ხედავდე როგორ მოიწევს შენკენ და ვერსად გარბოდე. სიცოცხლისთვის ბრძოლა სპეკულაცია არ არის!” – წერს შოვის სტიქიას გადარჩენილი გიო ადამია სოციალურ ქსელში.
დღეს, 14 აგვისტოს, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეეჭვება, ნამდვილად გაიარეს თუ არა დავით ჯელაძემ და მისმა 6 წლის დისშვილმა ის მანძილი ღვარცოფში, რომელიც ფოტოზეა მოცემული. მისი შეფასებით, ამ ტერიტორიაზე გადასვლა “პრაქტიკულად წარმოუდგენელია” და “ეს ყველაფერი გადასამოწმებელია”.