რუსეთის მხრიდან ბლოკირების მიუხედავად, ოდესის პორტი დატოვა სატვირთო ხომალდმა
უკრაინის შავი ზღვის პორტიდან, ოდესიდან, გავიდა სატვირთო ხომალდი. ეს იყო გამოცდა უკრაინის მთავრობის მიერ "ჰუმანიტარულ დერეფნად" წოდებული გზისა, რომელმაც, რუსეთის ბლოკადის მიუხედავად, კომერციულ ხომალდებს პორტებიდან გასვლის საშუალება უნდა მისცეს.
ჰონგ-კონგის დროშით მცურავი ხომალდი ოდესიდან გავიდა 16 აგვისტოს, დილით, - წერს ფეისბუკში უკრაინის ვიცე-პრემიერი ოლექსანდრ კუბრაკოვი.
ხომალდი ოდესაში 2022 წლის 23 თებერვალის შემდეგ იყო გაჩერებული. იგი იქ რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე ერთი დღით ადრე შევიდა. გავრცელებული ცნობებით, ხომალდი დატვირთულია 2 000-ზე მეტი კონტეინერით, რომლებშიც მოთავსებულია 30 000 კუბური მეტრი საქონელი.
კიევმა "ჰუმანიტარული დერეფნის" შესახებ 8 აგვისტოს გამოაცხადა, რათა ოდესის პორტ ჩერნომორსკსა და პივდენიში გაჩერებულ ხომალდებს გასვლის საშუალება მისცემოდათ. რუსეთს ინიციატივაზე განცხადება არ გაუკეთებია და არ უთქვამს, დაიცავს თუ არა დერეფანს.
13 აგვისტოს რუსეთის სამხედრო თვითმფრინავმა გაფრთხილების მიზნით ესროლა სატვირთო გემს, რომელიც უახლოვდებოდა უკრაინის პორტ იზმაილს, დუნაიზე. მას შემდეგ, რაც ის რუსეთის სამხედროებმა გაჩხრიკეს, გემს წასვლის საშუალება მიეცა.
გემი, რომელმაც ოდესა 16 აგვისტოს დატოვა, იყო პირველი კომერციული ხომალდი, რომელიც ამ პორტიდან 17 ივლისის შემდეგ გავიდა.
17 ივლისს მოსკოვმა გამოაცხადა, რომ გადის გაეროს შუამავლობით მიღწეული შეთანხმებიდან, რომელიც მიმართული იყო შავი ზღვის გზით უკრაინის მარცვლეულის გადაზიდვის უზრუნველყოფაზე.