უკრაინა იუწყება სამხრეთ-აღმოსავლეთში სოფლის დაკავებაზე
რუსეთის სამხედრო ოფიცრებმა განაცხადეს უკრაინის დონეცკის რეგიონში წარმატებული შეტევის შესახებ, უკრაინის ძალები კი იუწყებიან, რომ უკვე კვირების განმავლობაში მიმდინარე კონტრშეტევის ფარგლებში მათ სოფელი გაათავისუფლეს.
ეს ცნობები გავრცელდა 17 აგვისტოს, იმ ფონზე, როცა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინის გადასაწყვეტია როდის შეუერთდეს რაიმე სამშვიდობო მოლაპარაკებას.
სტოლტენბერგის ამ სიტყვებამდე სკანდალი მოჰყვა ნატოს წარმომადგენლის განცხადებას, რომ ომის დასრულების გზა შესაძლოა იყოს კიევის მხრიდან რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობა, ალიანსში გაწევრიანების სანაცვლოდ.
ორი თვის განმავლობაში მიმდინარე კონტრშეტევისას უკრაინის ძალებს უჭირთ რუსეთის დაცვის გარღვევა სამხრეთსა და აღმოსავლეთში. ნატოს მიერ გაწვრთნილი და შეიარაღებული ბრიგადებით გაძლიერებულმა კიევის ძალებმა რუსეთის არმიის წინააღმდეგ კონტრშეტევა დაიწყეს ივნისში, და იერიშები მიიტანეს თითქმის 1000-კილომეტრიან ფრონტის ხაზის სამ თუ ოთხ ადგილზე. თუმცა კონტრშეტევა იმაზე ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ბევრი იმედოვნებდა, რუსეთის მხრიდან დანაღმული ტერიტორიების და დაცვის ხაზების გამო.
უკრაინის დასავლელი მხარდამჭერები იმედოვნებდნენ, რომ უკრაინის ძალები შეძლებდნენ რუსეთის წინააღმდეგ უწინდელი წარმატების გამეორებას, როგორიც იყო, მაგალითად, კიევის დაცვა რუსეთის შეჭრიდან პირველ კვირებში, ან ორი წარმატებული წინსვლა ხარკოვზე და ხერსონზე 2022 წლის ბოლოს. ეს არ მომხდარა, და ფრონტის ხაზზე მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევის გარეშე უკრაინას, შესაძლოა, მზარდი ზეწოლა შეეხოს აშშ-სდგან ან სხვა დასავლელი მოკავშირეებისგან, საიმისოდ, რომ რუსეთთან მოლაპარაკება დაიწყოს.