“გვირგვინის” ბოლო სეზონში სამეფო ოჯახის ტრაგიკული მოვლენები გაცოცხლდება
სერიალ “გვირგვინის” ბოლო სეზონში პრინცესა დაიანას ტრაგიკული შემთხვევის კადრებს ვიხილავთ. შემქმნელები ამ ამბის გადმოცემის საკითხს ძალიან დელიკატურად ეკიდებიან.
აღმასრულებელმა პროდიუსერებმა, ენდი ჰარიმ და სიუზან მაკიმ, ედინბურგის სატელევიზიო ფესტივალზე ამის შესახებ ისაუბრეს.
“შოუ შეიძლება იყოს დიდი და ხმაურიანი, მაგრამ ჩვენ არა. ჩვენ მოაზროვნე ხალხი ვართ, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ. ბევრი ვიფიქრეთ და ხანგრძლივად ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ როგორ ვაპირებთ ამის გაკეთებას”, – თქვა მაკიმ.
მათ ასევე აღნიშნეს, რომ დაიანას როლის შემსრულებელი ელიზაბედ დებიკი მისიას ყოველთვის პროფესიონალურად ასრულებდა და მასზე დიდ იმედებს ამყარებენ.
1997 წლის 31 აგვისტოს დაიანა და მისი მეგობარი მამაკაცი, დოდი ალ ფაიდი, პარიზში მანქანით გადაადგილდებოდნენ, მძღოლთან და მცველთან ერთად. ისინი პაპარაცებისგან თავის დაღწევას ცდილობდნენ. ამ დროს მათი მანქანა გვირაბის საყრდენ სვეტს შეეჯახა და ამოტრიალდა.
ალ ფაიდი და მძღოლი მყისიერად დაიღუპნენ, ხოლო დაიანა მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის 36 წლის იყო.
წყარო: People