საქართველოს პრეზიდენტი გერმანიის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, განსახილველ საკითხებს შორის იყო უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, საქართველო - გერმანიის 30 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობები, გერმანიის სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში და რეგიონში არსებული მდგომარეობა.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ითქვა, რომ საქართველო არ ივიწყებს იმ პერიოდში ესოდენ მნიშვნელოვან როლს, რომელიც გერმანიამ ითამაშა საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მხარდაჭერის მიმართულებით.
"თუ ვინმეს შეიძლება ეწოდოს ძველი მეგობარი - ეს გერმანიაა!" - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 31 აგვისტოს გერმანიის დედაქალაქში, ბერლინში შეხვედრებით იწყებდა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრას.
გუშინ, 30 აგვისტოს კი მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ პრეზიდენტს უარს ეუბნებოდნენ უკრაინაში, გერმანიაში, პოლონეთში, შვეიცარიაში, ბელგიაში, დანიაში, არაბთა საამიროებში, ისრაელში, ბულგარეთსა და ჩეხეთში ვიზიტებზე.
მთავრობა განმარტავს, რომ ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, "საგარეო პოლიტიკის განხორციელება საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებაა" და "საქართველოს პრეზიდენტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში".