ნინო ლომჯარიას ახალი საზოგადოებრივი პლატფორმა პირველ ღონისძიებას გამართავს
7 სექტემბერს ახალი საზოგადოებრივი პლატფორმის „საქართველოს ევროპული ორბიტის“ პირველ საჯარო ღონისძიება - „ვიმოქმედოთ ევროკავშირის სტატუსისთვის“ - გაიმართება.
„საქართველოს ევროპული ორბიტა“ ახალი ორგანიზაციაა (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი), რომლის დამფუძნებლები, ყოფილ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასთან ერთად, არიან: მიხეილ ბენიძე, ნინო რიჟამაძე და მინდია არაბული.
თბილისში დაგეგმილ ღონისძიებაზე სპიკერები იქნებიან: ნინო ლომჯარია, გია დვალი, ნინო ხარატიშვილი, ნიკოლოზ რაჭველი, ნიკოლოზ ალექსიძე, რევაზ ბოჭორიშვილი და კახა გოგოლაშვილი.
ყოფილმა სახალხო დამცველმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი პლატფორმა ეცდება საზოგადოების კონსოლიდაცია აჩვენოს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მიმართულებით. „ჩვენი აქტიურობით ვეცდებით, რომ საზოგადოების კონსოლიდაცია ვაჩვენოთ სტატუსის მიღების მხარდასაჭერად, მოვაგროვოთ მოქალაქეების ხმები, მივცეთ ადამიანებს, რომლებსაც სურთ საკუთარი პოზიცია და მხარდაჭერა აჩვენონ ამ პროცესისადმი ჩართულობის და პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა“, - განაცხადა მან.
ორგანიზაციის წარმომადგენლები ევროინტეგრაციის საკითხზე უცხოეთში ვიზიტებსაც გეგმავენ. „იქნება ასევე ვიზიტებიც ევროპაში, იქნება შეხვედრები უცხოელ დიპლომატებთან. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ექნება სურვილი, იმ იდეას და ინიციატივას მხარი დაუჭიროს, რაზეც ჩვენ ვთანხმდებით, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ღია ყველასთვის“, - თქვა პლატფორმის ხელმძღვანელმა.
ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ საზოგადოებრივი პლატფორმა პოლიტიკურ პარტიად არ გარდაიქმნება. „მე ვხედავ საჭიროებას იმის, რომ შეიქმნას პლატფორმა, რომელიც არ არის პოლიტიკური და კიდევ ერთხელ, ეს პლატფორმა არ გადაკეთდება პოლიტიკურ პარტიად, შემიძლია გითხრათ, - თქვა ლომჯარიამ და დაამატა, - რასაც ჩვენ ვიწყებთ, არ არის პარტიული და პირიქით, ჩვენ გვინდა მივცეთ შესაძლებლობა ადამიანებს ქმედებებისთვის, რომლებსაც არ სურთ პარტიასთან ან მომავალში რომელიმე პარტიასთან აფილირება“.
„საქართველოს ევროპული პლატფორმის“ მმართველი ორგანოს, გამგეობის წევრები არიან: ეკატერინე სხილაძე, ნინო ოდიშარია, კახა გოგოლაშვილი, ნიკოლოზ ალექსიძე და მირიან ჯუღელი.
„საქართველოს ევროპული ორბიტის“ აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია ნინო ლომჯარიას უკავია.
ნინო ლომჯარია 2017 წლის 7 დეკემბრიდან, 2022 წლის 8 დეკემბრამდე იკავებდა საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობას.