რუსეთის ქალაქ დონის როსტოვზე დრონებით შეტევა იყო
დონის როსტოვი რუსეთის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ყველაზე დიდი ქალაქი და სამხრეთის ფედერალური ოლქის ადმინისტრაციული ცენტრია.
რუსული ტელეგრამ-არხებით გავრცელდა დონის როსტოვის ცენტრში მომხდარი აფეთქების ამსახველი ვიდეოკადრები და ცნობები, რომ ეს ადგილი რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბის მახლობლად მდებარეობს.
როსტოვის ოლქის გუბერნატორ ვასილი გოლუბევის თანახმად, დღეს, 7 სექტემბერს დაახლოებით 03:00 საათისთვის დონის როსტოვში ამოქმედდა საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელმაც ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო - ერთი ქალაქის დასავლეთ ნაწილში, მეორე კი, ცენტრში, პუშკინის ქუჩის რაიონში. გოლუბევის ინფორმაციით, დაშავდა 1 ადამიანი, დაზიანებულია 3 შენობის ფასადები და ჩამსხვრეულია ფანჯრები.
ბოლო რამდენიმე თვეა რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე თითქმის ყოველდღე ხდება დრონებით თავდასხმა. მოსკოვი „კიევის რეჟიმს“ ადანაშაულებს „ტერაქტების მცდელობაში“. უკრაინის ხელისუფლება, როგორც წესი, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის ცალკეულ შემთხვევებს უკომენტაროდ ტოვებს.