რუსეთმა ისევ დრონებით შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა მიიტანა უკრაინის ოდესის ოლქის იზმაილის რაიონზე. ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში, 3-საათიანი შეტევის შედეგად დაშავდა 1 ადამიანი და დაზიანდა სამოქალაქო და საპორტო ინფრასტრუქტურა, მათ შორის ელევატორი და ადმინისტრაციული შენობა.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, გასულ ღამით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 33 ე.წ. დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს ოდესის და სუმის ოლქებს. ძირითადი სამიზნე ოდესის ოლქი იყო. სარდლობის მონაცემებით, უკრაინელმა სამხედროებმა 33-დან 25 დრონი გაანადგურეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოდესის ოლქზე შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
სექტემბერის დასაწყისიდან, იზმაილის რაიონზე დრონებით 4 თავდასხმა იყო. ეს რაიონი ოდესის ოლქის სამხრეთში, მდინარე დუნაიზე მდებარეობს. იზმაილის საპორტო ინფრასტრუქტურა უკრაინული ხორბლის და სხვა პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება.