რუსეთის ბრიანსკის ოლქს დრონებით სამჯერ შეუტიეს
დღეს დილით, უპილოტო საფრენი აპარატებით სამი შეტევა განხორციელდა რუსეთის ბრიანსკის ოლქზე. რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრ ბოგომაზმა პირველი ცნობა საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ დრონის განადგურების შესახებ, ადგილობრივი დროით დილის ექვსის ნახევრისთვის გაავრცელა. ბოგომაზის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, არავინ დაშავებულა და არაფერი დანგრეულა.
მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბრიანსკის ოლქში გაანადგურეს კიდევ ორი უპილოტო საფრენი აპარატი. ოლქის გუბერნატორ ბოგომაზის ინფორმაციით, დრონის ნამსხვრევებმა ნაწილობრივ დააზიანა ქალაქ ბრიანსკის რკინიგზის სადგურის შენობა და მიმდებარე მოედანი.
დღეს დილით, უპილოტო საფრენი აპარატით მოსკოვზე „შეტევის აღკვეთილ მცდელობაზე“ იუწყებოდა მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი. მისი მტკიცებით, საჰაერო თავდაცვის სისტემამ დრონი მოსკოვის ოლქის რამენსკის რაიონში ჩამოაგდო, რასაც ნგრევა არ მოჰყოლია.
დღეს დილით, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო რუსეთის ქალაქ დონის როსტოვზეც.
ბოლო რამდენიმე თვეა რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე თითქმის ყოველდღე ხდება დრონებით თავდასხმა. მოსკოვი „კიევის რეჟიმს“ ადანაშაულებს „ტერაქტების მცდელობაში“. უკრაინის ხელისუფლება, როგორც წესი, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის ცალკეულ შემთხვევებს უკომენტაროდ ტოვებს.