რუსეთი უკმაყოფილოა სომხურ-ამერიკული სამხედრო სწავლებით
რუსეთი მიიჩნევს, რომ სომხეთი სამხედრო სწავლებას უნდა ატარებდეს არა ამერიკელებთან, არამედ კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციაში თავის მოკავშირეებთან ერთად. ამ ორგანიზაციის წევრები არიან: რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.
მოსკოვი უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ 11 სექტემბერს, სომხეთში იწყება ამ ქვეყნის და აშშ-ის ერთობლივი სწავლება EAGLE PARTNER 2023.
„სომხეთი არის მოკავშირე კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციიდან და ჩვენი ამოსავალი იყო და არის, რომ მოკავშირეობის სულისკვეთებიდან გამომდინარე უნდა მისდევდე სწავლებების პრაქტიკას მათთან ერთად, ვინც ამ კავშირშია“, - უთხრა დღეს, 7 სექტემბერს, მოსკოვში, ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა.
რიაბკოვის თანახმად, „სომეხი მოკავშირეების სერიოზული ყურადღება მიაპყრეს“ იმ ფაქტს, რომ „შეშფოთების ელემენტით აღიქვამენ“ ამერიკელებთან ერთობლივ სწავლებას.
სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ 6 სექტემბერს განაცხადა, რომ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის მზადების ფარგლებში, 11-20 სექტემბერს ჩატარდება სომხეთისა და აშშ-ის სწავლება EAGLE PARTNER 2023. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლების მიზანია საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქვედანაყოფების ოპერატიული თავსებადობის ამაღლება, მართვის და ტაქტიკური კომუნიკაციის სფეროში თანამედროვე გამოცდილების გაზიარება და სომხეთის ქვედანაყოფების მზადყოფნის გაზრდა ნატოს პროგრამით, „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ გათვალისწინებული გეგმური შეფასებისთვის.
6 სექტემბერს, კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მსგავსი ამბები ყურადღების „დაძაბვას" იწვევს, ამიტომ „ღრმად გააანალიზებენ“ და „სიტუაციას დააკვირდებიან".
ბოლო დროა სომხეთს რუსეთთან ურთიერთობა დაეძაბა. სომხეთი უკმაყოფილოა, რომ აზერბაიჯანთან 2022 წლის სამხედრო კონფლიქტში ვერ მიიღო რუსეთის და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის მხარდაჭერა და იმით, რომ რუსეთი არ ასრულებს 2020 წლის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებსაც.
2020 წლის ნოემბერში, რუსეთის შუამავლობით, სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე. ამ შეთანხმებით, აზერბაიჯანმა ყარაბაღის ზოგიერთ რაიონზე დაიბრუნა 90-იან წლებში დაკარგული კონტროლი. რეგიონში განთავსდა რუსეთის „სამშვიდობო კონტინგენტი".
სომხეთში 1995 წლიდან დისლოცირებულია რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზა.