ყარაბაღში ორი მარშრუტით ერთდროულად ჩაიტანეს ჰუმანიტარული ტვირთი
აზერბაიჯანის ხელისუფლება იტყობინება, რომ ორშაბათს დილით წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სატვირთო მანქანები ჰუმანიტარული ტვირთით შევიდნენ ქალაქ სტეფანაკერტში (ხანკენდი), რომელსაც აკონტროლებს თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის სომხური ხელისუფლება. მანქანები შევიდნენ ერთდროულად აზერბაიჯანიდან, აღდამის გავლით, და სომხეთის მხრიდან, ლაჩინის დერეფნით.
ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ, ჰიქმეთ გაჯიევმა, განაცხადა. მისი სიტყვებით, ლაჩინში მანქანების გავლა იმის დასტურია, რომ „არავითარი ბლოკადა არ ყოფილა“.
სომხური მედია ადასტურებს, რომ სომხეთიდან სტეფანაკერტამდე 23 ტონა ფქვილი ჩაიტანეს. პარალელურად აღდამის გავლით რუსული და შვეიცარიული წარმოების სამედიცინო და ჰიგიენური საშუალებების მიწოდება მოხდა.
ადრე თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის სომხური ხელისუფლება დათანხმდა მათ კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიაზე ჰუმანიტარული მარაგების სინქრონულ ტრანსპორტირებას აღდამისა და ლაჩინის გავლით და განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი ჰუმანიტარული კრიზისის გაუარესება იყო. მანამდე ისინი უარს ამბობდნენ აღდამის გავლით ტვირთების მიწოდებაზე და მოითხოვდნენ, რომ აზერბაიჯანს მოეხსნა ლაჩინის დერეფნის ბლოკადა.
გასული წლის ბოლოდან ლაფინი ფაქტობრივად დაბლოკილი იყო აზერბაიჯანელი აქტივისტების მიერ. 15 ივნისიდან ლაჩინის დერეფანი აზერბაიჯანელი სამხედროების კონტროლქვეშ იმყოფება. ამასთან, აზერბაიჯანი უარყოფს ბრალდებებს ბლოკადის შესახებ და აცხადებს, რომ მისი მიზანია, თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მიმავალ ტვირთებზე კონტროლის მიღწევა. ბაქომ ერევანი დაადანაშაულა სომხური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამხედრო მოსამსახურეების გადაყვანაში, იარაღისა და საბრძოლო მასალის შეტანაში და აზერბაიჯანის ტერიტორიიდან ბუნებრივი რესურსებისა და კულტურული ფასეულობების უკანონო გამოზიდვაში.
მთიანი ყარაბაღიდან იტყობინებიან სურსათის, საწვავის და მედიკამენტების ნაკლებობის შესახებ.
მთიანი ყარაბაღის ტერიტორია, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აზერბაიჯანის ნაწილად ითვლება. რეგიონის მოსახლეობა ძირითადად ეთნიკურად სომხები არიან. 1990-იანი წლების დასაწყისიდან ბაქო არ აკონტროლებდა რეგიონის დიდ ნაწილს. სომხური თემის წარმომადგენლებმა გამოაცხადეს დამოუკიდებელი რესპუბლიკა, რომელიც არცერთმა ქვეყანამ, მათ შორის სომხეთმაც არ აღიარა. 2020 წლის შემოდგომაზე ხანმოკლე ომის შედეგად აზერბაიჯანმა და სომხეთმა რუსეთის შუამავლობით ხელი მოაწერეს შეთანხმებას საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ. ბაქომ დაიბრუნა კონტროლი მთიანი ყარაბაღისა და მისი მიმდებარე აზერბაიჯანული ტერიტორიების მნიშვნელოვან ნაწილზე, რომლებიც 1990-იანი წლების დასაწყისში სომხური ჯარების მიერ იყო ოკუპირებული. რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ძალები განლაგდნენ.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალებმა არ შეასრულეს თავიანთი ვალდებულებები და არ უზრუნველყოფდნენ კონტროლს ლაჩინის დერეფანზე.