გაეროს საერთაშორისო სასამართლოში იმართება წინასწარი მოსმენა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელზე
18-27 სექტემბერს ჰააგაში, გაეროს საერთაშორისო სასამართლოში (ICJ) გაიმართება წინასწარი მოსმენა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელის შესახებ, რომელიც ეხება გენოციდის დანაშაულის პრევენციისა და დასჯის საერთაშორისო კონვენციის სავარაუდო დარღვევას უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრასთან დაკავშირებით.
უკრაინამ სარჩელი შეიტანა 2022 წლის 27 თებერვალს, რუსეთის სამხედრო შეჭრის დაწყებიდან სამი დღის შემდეგ. სასამართლომ ადრე დაადგინა, რომ 32 ქვეყანას აქვს უფლება, შეუერთდეს უკრაინის სარჩელს - ეს არის თითქმის ყველა ევროპული სახელმწიფო, ასევე კანადა, ავსტრალია და ახალი ზელანდია. შეერთებულ შტატებს უარი ეთქვა ფორმალური მიზეზის გამო.
წინასწარი მოსმენების დროს რუსეთის მხარემ, როგორც მოსალოდნელია, უნდა დაამტკიცოს, რომ იუსტიციის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია არ ვრცელდება ამ საქმეზე. „კიევის პრეტენზიები რეალურად დაიყვანება სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარების კანონიერებაზე გაეროს წესდების შესაბამისად, ასევე დსრ-ისა [„დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“] და ლსრ-ის [„ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“] სტატუსზე. აღნიშნულ კონვენციას ამ საკითხებთან არანაირი კავშირი არა აქვს“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ადრე გაკეთებულ განცხადებაში.
უკრაინული მხარე მიიჩნევს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებებს გენოციდის ნიშნები აქვს. ერთ-ერთი მტკიცებულების სახით მოჰყავთ ბავშვების იძულებითი გაყვანა უკრაინიდან. მასში მონაწილეობაში ეჭვმიტანილი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი მანამდე გასცა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC). თუმცა, ამ სასამართლოს მიერ წარმოდგენილი ბრალდება არ შეიცავს გენოციდს.
სექტემბრის დასაწყისში, ერიკ მოსემ, ხელმძღვანელმა გაეროს კომისიისა, რომელიც იძიებს უკრაინაში დანაშაულებს, განაცხადა, რომ გაეროს ჯერ არ მოეპოვება საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც დააკმაყოფილებდა გენოციდის დანაშაულის პრევენციისა და დასჯის კონვენციის სამართლებრივ მოთხოვნებს. კიევში ეს თვალსაზრისი გააკრიტიკეს.
თუ გაეროს სასამართლო გადაწყვეტს, რომ საქმე მის იურისდიქციაში შედის, არსებითი განხილვები, სავარაუდოდ, გაიმართება არა უადრეს მომავალი წლისა და, როგორც ჩანს, წლების განმავლობაში გაგრძელდება.
ჰააგის საერთაშორისო სასამართლო განიხილავს უკრაინის კიდევ ერთ სარჩელს რუსეთის წინააღმდეგ. ივნისში გაიმართა პირველი მოსმენა რუსეთის მხარის მიერ ორი საერთაშორისო კონვენციის სავარაუდო დარღვევის საქმეზე: ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ. სარჩელი უკრაინამ ჯერ კიდევ 2017 წელს შეიტანა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიასა და დონბასში შეიარაღებულ მოქმედებებთან დაკავშირებით.
იუსტიციის საერთაშორისო სასამართლო არის გაეროს მთავარი სასამართლო ორგანო. ის მდებარეობს ჰააგაში (ნიდერლანდი), მშვიდობის სასახლეში და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად წყვეტს სახელმწიფოებს შორის სამართლებრივ დავებს. რუსეთი ზოგადად აღიარებს მის იურისდიქციას, მაგრამ ცალკეულ შემთხვევებში არ ეთანხმება მას.
ეს სასამართლო არ უნდა აგვერიოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC), რომელიც ასევე ჰააგაში მდებარეობს, მაგრამ არ არის გაეროს ორგანო და არ არის აღიარებული რუსეთის მიერ. სწორედ ICC-მ გასცა პუტინის დაკავების ორდერი.