გია ხუხაშვილი: არ გამოვრიცხავ, ფარცხალაძის საქმეზე აშშ-მ ქართულ მხარეს ყველა მტკიცებულება არ წარუდგინოს, რადგან …
საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს, გია ხუხაშვილსესაუბრა.
– ბატონო გია, ახალი პოლიტიკური სეზონი ახალი დაწყებულია, მაგრამ, ფაქტია, რომ მისი დაწყებისთანავე ბევრი აქტუალური თემა გაჩნდა ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში.
ყველა აქტუალური თემაა, მაგრამ, მოდით საუბარი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხით დავიწყოთ. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისარ ბორელთან შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ამ თემაზე თქვა, რომ „იმპიჩმენტი ფორმალური პროცედურაა“, ვნახეთ, რომ მმართველმა გუნდმა საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის თემაზე სარჩელი შეიტანა.
გარდა ამისა, პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის მხარდამჭერთა სიის დაზუსტებაც მოხდა. რაზეც არ უნდა იყოს საუბარი მმართველი გუნდის სარჩელში, ცხადია, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი აშკარად პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. უმრავლესობის ლიდერმა მდინარაძე განაცხადა – „ვინც იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს პრეზიდენტის თანამზრახველია“.
რისი დემონსტრირება სურს მმართველ გუნდს პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტის პროცედურით და სავარაუდოდ, როგორ დასრულდება ეს პროცესი?
– მმართველი გუნდის მიერ პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებულ იმპიჩმენტს მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნები აქვს.
რაც შეეხება მოკლევადიან მიზანს. პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დაწყება ხელისუფლებისთვის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ მხოლოდ ზიანის მომტანია. ერთადერთი რაც რჩება, ხელისუფლება ცდილობს მოსკოვთან შეიქმნან გარკვეული ალიბი. თუ დიდ სურათს შევხედავთ, ასეთი განცდა, რჩება.
მხედველობაში მაქვს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ხელისუფლების ანტიდასავლური განცხადებები. ვხედავთ, რომ ხელისუფლება მუდმივად ახდებს რუსეთის ხელისუფლებასთან ლოიალობის დემონსტრირებას. არ ვამბობ, რომ ხელისუფლებას მაინცადამაინც გარანტიები აქვს გაცემული. ხელისუფლება რუსეთთან ამგვარ პოლიტიკას არგაღიზიანების პოლიტიკას ეძახის. მე ცოტა სხვანაირად მეჩვენება თუნდაც არგაღიზიანების ფარგლებში.
სალომე ზურაბიშვილი უფრო მკაფიო საგარეო პოლიტიკას ატარებს, რაც წინააღმდეგობაში მოდის ხელისუფლების მიერ კოლაბორაციონიზმის ზღვარზე გატარებულ პოლიტიკასთან, ხელისუფლება რუსეთის ხელისუფლებას ყველანაირად უმტკიცებს, რომ ისინი არაფერ შუაში არ არიან, პრეზიდენტი კონტროლს აღარ ექვემდებარება და აღმასრულებელი ხელისუფლება არანაირ ორმაგ თამაშს არ თამაშობს.
პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის დაწყებით ხელისუფლება პუტინს ელაპარაკება, აქაოდა, პრეზიდენტის პროდასავლურ განცხადებებთან დაკავშირებით აღმასრულებელი ხელისუფლება არაფერ შუაში და იმპიჩმენტზეც კი მიდის.
– საინტერესოა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო. თან ეს ხდება იმის ფონზე, რომ ქვეყანამ უნდა მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
ამ თემაზე ხელისუფლების პოზიცია ასე გამოიყურება – თუ მოგვცემენ, მოგვცენ, თუ არადა, ჩვენ ამაზე არ ვიდარდებთ. თუ ევრო პერსპექტივის თემას შევეხებით, ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტის პროცედურა ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას უკავშირდება?
– ფაქტია, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება კიდევ უფრო დიდი რისკის ქვეშ აყენებს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას. შეუძლებელია, რომ ხელისუფლებას ეს არ ესმოდეს, მაგრამ, იგი ამაზე მიდის.
არაა გამორიცხული, პრეზიდენტის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებით ხელისუფლება ცდილობს ევროპამ თქვას უარი საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე. თუ ასე მოხდა, ხელისუფლება შემდეგ ამაზე ააგებს კონტრპროპაგანდას. დასავლეთი ცუდია, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და ძალიან კარგები და მართლები ვართ.