რუსეთიდან ყოველი მეხუთე მობილიზებული ფრონტზე საშუალოდ ორ თვეში იღუპებოდა - CIT
21 სექტემბერს ერთი წელი შესრულდა რუსეთში გამოცხადებული „ნაწილობრივი მობილიზაციიდან“, რომელიც ოფიციალურად დღემდე გრძელდება. „ვაჟნიე ისტორიისა“ და Conflict Intelligence Team-ის (CIT) ერთობლივი კვლევის თანახმად, რუსი წვევამდელები უკრაინაში საშუალოდ ოთხ-ნახევარი თვის შემდეგ იღუპებიან, ხოლო ყოველმა მეხუთემ ფრონტზე მხოლოდ 2 თვე იცოცხლა.
ამ მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში რუსეთის თითქმის ყველა რეგიონში დაკრძალეს სულ მცირე ერთი გაწვეული მამაკაცი.
"მობილიზებულთა ნახევარზე მეტი 30-დან 45 წლამდე ასაკისა დაიღუპა. ყველაზე ხანდაზმული, 62 წლის მაიორი ნიკოლაი ისაკოვი მობილიზებულია ტვერის რეგიონიდან. მან ომში დაახლოებით რვა თვე გაატარა და ივნისის დასაწყისში დაიღუპა რუსეთის ტერიტორიაზე, ბელგოროდის რაიონის შებეკინსკის რაიონში", - მიუთითებენ კვლევის ავტორები.
ერთი წლის წინ რუსეთში გამოცხადდა "ნაწილობრივი მობილიზაცია", რომლის დროსაც სამხედრო სამსახურის გასავლელად დაახლოებით 300 000 ადამიანი გამოიძახეს.
იგივე რიცხვი დაასახელა 15 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.
"მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, მოხალისეებად მოსულმა 300 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი კონტრაქტებს. მეტიც, ფორმირებული დანაყოფები აღჭურვილია იარაღისა და აღჭურვილობის თანამედროვე მოდელებით, ზოგი უკვე 85-90 პროცენტით არის დაკომპლექტებული“, - განაცხადა პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტ ალიაქსანდრ ლუკაშენკასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივი ბრიფინგზე.
რუსეთის პრეზიდენტმა კვლავ გაიმეორა, რომ რუსეთი მზად არის უკრაინასთან მოლაპარაკების გამართვისთვის, მაგრამ ამის მზაობა არ აქვს კიევს, რომელმაც, პუტინის თქმით, აშშ-ის კარნახით უარი თქვა რუსეთთან მოლაპარაკებაზე.
უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ დანაკარგების შესავსებად და ახალი ფორმირებების შესაქმნელად კრემლი აგრძელებს ფარულ მობილიზაციას, რომლის ფარგლებში 2023 წელს 90-დან 100 ათასამდე რუსი უკვე გამოიძახეს. თუმცა "მასშტაბური მობილიზაცია" რუსეთში შესაძლოა, აღარ ჩატარდეს.