ოპოზიცია ეხმაურება საკრებულოს დეპუტატზე თავდასხმას და მოითხოვს დაკავებული პოლიტიკოსების გათავისუფლებას
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და მოითხოვენ 22 სექტემბერს დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძისა და ზვიად კუპრავას გათავისუფლებას.
განცხადებაში ნათქვამია, რომ 22 სექტემბერს, საკრებულოს სახელისუფლებო პარტიის წევრის მიერ ძალადობისკენ ღია მოწოდებას მოჰყვა საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატზე ფიზიკური თავდასხმა, რომელშიც ჩართული იყვნენ სახელმწიფო და კრიმინალური სამყაროს წარმომადგნელები.
„ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩინა, რომ ივანიშვილის ერთპიროვნული, დანაშაულებრივი, რუსული სტილის მმართველობა ყოველდღიურად ძირს უთხრის ჩვენი ქვეყნის მომავალს და დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ნატოში გაწევრიანებაზე და ქვეყნისთვის დასავლური უსაფრთხოების ქოლგის მოპოვებაზე აქტიური მუშაობის ნაცვლად, ხელისუფლება აძლიერებს რუსულ პროპაგანდას“, - წერია განცხადებაში.
ხელმომწერების აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მოლოდინის პარალელურად, აგრძელებს ევროპული ინტეგრაციის საბოტაჟს და ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ ხელისუფლებას სურს ძალაუფლება ავტორიტარიზმით, ოლიგარქიითა და რუსული კლეპტოკრატიით შეინარჩუნოს.
„ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ფარცხალაძის დასანქცირებამ და ამის შემდგომ ხელისუფლების მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა რომ ივანიშვილის კოლაბორაციონისტული ხელისუფლება მიზანმიმართულად ცდილობს შეაჩეროს ქვეყნის ევროპულ ოჯახში, მის ისტორიული ადგილის დამკვიდრება.
ამის კიდევ ერთი დასტურია ნიკა მელიას დაკავება. მაშინ, როდესაც პოლიციას სათანადო საგამოძიებო მოქმედებები არ ჩაუტარებია ოპოზიციონერ დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძის მიმართ ძალადობაში მხილებული პირების წინააღმდეგ - დააკავეს ოპოზიციონერი ლიდერი“.
ოპოზიციური პოლიტიკური ძალების განცხადებით, ხელისუფლების მცდელობა, დააშინოს და დაიჭიროს პოლიტიკური ოპონენტები, ვერ მოიტანს მათთვის სასურველ შედეგს, იმიტომ რომ მიუხედავად კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში აზრთა სხვადასხვაობისა, ოპოზიცია თანხმდება საქართველოს ევროპულ მომავალზე.
განცხადებას ხელს აწერენ:
“გირჩი - დროა”
“ლელო”
"საქართველოს ლეიბორისტული პარტია"
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
“სტრატეგია აღმაშენებელი” - გიორგი ვაშაძე
“სამართლიანობისთვის” - ეკა ბესელია
“მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”
“ევროპული საქართველო” - გიგა ბოკერია
“პროგრესი და თავისუფლება” - კახა ოქრიაშვილი
“ტრიბუნა”- დავით ჭიჭინაძე
დეპუტატები, პოლიტიკოსები და პოლიტიკური ჯგუფები:
გიორგი მარგველაშვილი
ხატია დეკანოიძე
რომან გოცირიძე
თეონა აქუბარდია
თამარ კორძაია
ხათუნა სამნიძე
არმაზ ახვლედიანი
გიგი უგულავა
ამ ამბავს წინ უსწრებდა თბილისის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმა. ეძგვერაძის განცხადებით, მას ფიზიკურად 30-ზე მეტი პირი გაუსწორდა. მისივე მტკიცებით, თავდასხმის დამკვეთი საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, „ქართული ოცნების“ წევრი კონსტანტინე ზარნაძეა.
შსს-მ ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით დაიწყო, ხოლო ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებული.
თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი კოტე ზარნაძე ბრალდებებს უარყოფს