კიევში იმართება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა
ორშაბათს კიევში გაიმართება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა. ამის შესახებ 2 ოქტომბერს დილით განაცხადა ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების უწყების ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა. ის გუშინ ჩავიდა კიევში. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინის დედაქალაქში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებიც ჩადიოდნენ, მანამდე არ გავრცელებულა.
ბორელმა შეხვედრას „ისტორიული“ უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიება პირველად იმართება ევროკავშირის ფარგლებს გარეთ. მან აღნიშნა, რომ მინისტრები აპირებენ, სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუხატონ უკრაინელ ხალხს. ამავე დროს, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქმე ეხება არაფორმალურ შეხვედრას, რომელზეც კონკრეტული გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული. მისი თქმით, ეს იქნება ე.წ. „ბრეინსტორმინგი“ უკრაინასა და რუსეთს შორის ომში ვითარებისა და უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის ნაბიჯების შესაფასებლად.
უკვე ცნობილია, რომ კიევში ევროკავშირის ქვეყნების საგარეო-პოლიტიკური უწყებების არაერთი ხელმძღვანელი ჩავიდა, მათ შორის გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბარბოკი. ზოგიერთ ქვეყანას მინისტრის მოადგილეები წარმოადგენენ. კერძოდ, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი კიევში არ ჩასულა იმ მკაცრი განცხადებების ფონზე, რომლებიც ცოტა ხნის წინ გაცვალეს ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა.
შეხვედრას თან ახლავს გაუკრვევლობა აშშ-იდან უკრაინისთვის დახმარების შემდგომი მოცულობის შესახებ. გაურკვევლობას იწვევს ასევე არჩევნები სლოვაკეთში, სადაც ხელისუფლებაში შეიძლება მოვიდნენ ძალები, რომლებიც უკრაინისთვის დახმარების შემცირებას უჭერენ მხარს. ბორელმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა გრძელვადიანია და პოლიტიკური კონიუნქტურა მასზე არ იმოქმედებს. მან ასევე თქვა, რომ უკრაინის ადგილი მომავალში ევროკავშირშია, თუმცა ქვეყანას ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი ბლოკში გასაწევრიანებლად.