კარასინი საქართველოს პრეზიდენტს ისევ აკრიტიკებს
„საქართველოს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კიდევ ერთი ღრმააზროვანი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, თუ უკრაინა ვერ გასწევს წინააღმდეგობას, საქართველო და ბალტიისპირეთის ქვეყნები შეიძლება იყვნენ შემდეგი, რომლებსაც რუსეთი დაესხმება თავს. პოლიტიკური შიზოფრენია რთულად იკურნება, ქალბატონო პრეზიდენტო! რატომ არ ვახსენოთ ამ შემთხვევაში უფრო შორეული სამიზნეები - გერმანია, შვეიცარია თუ მალტა? განა უფრო ადვილი არ არის იმის გახსენება, ცივი ომის დასრულების შემდეგ და ნატოს აღმოსავლეთისკენ არგაფართოების დაპირების შემდეგ, როგორ დაიწყო ნატოს არცთუ უვნებელი სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის და მისი საცეცების მიერ გაწვრთნილი არასამთავრობო სტრუქტურების სახით რუსეთთან მიახლოება“, - წერს კარასინი თავის ტელეგრამის არხში.
რუსეთსა და ნატოს შორის რაიმე სახის შეთანხმება ალიანსის არგაფართოების შესახებ არასოდეს გაფორმებულა.
კარასინის თქმით, „აშკარაა სამი ათწლეულის განმავლობაში აღმოსავლეთ ევროპის, შემდეგ კი პოსტსაბჭოთა სივრცის დასავლური დამუშავების მიზნები“.
„მათ უკვე მჭიდრო რგოლი შეკრეს ჩვენი ქვეყნის გარშემო. უკრაინა არის ბოლო საზღვარი, სადაც შეიქმნა რუსეთთან დაპირისპირებისთვის პლაცდარმი. ამის მიზნებიც ნათელია. ასე რომ, არ ღირს საკუთარი თავის შეშინება“, - წერს კარასინი.
მანამდე კარასინმა სალომე ზურაბიშვილს „უცნაური პოლიტიკოსი“ უწოდა. საქართველოს პრეზიდენტმა, მისი თქმით, „მკაცრი მითითებები მიიღო ვაშინგტონში“.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა „ავლენს პასუხისმგებლობიან მიდგომას“, მანამდე ზურაბიშვილზე თქვა: „მადლობა ღმერთს, ის არ განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების გზას“.