ზელენსკი ამბობს, რომ გამარჯვება ევროკავშირთან თანამშრომლობაზეა დამოკიდებული
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს 2 ოქტომბერს უთხრა, რომ უკრაინაში შეჭრილ რუსეთის ჯარზე გამარჯვება "პირდაპირაა" დამოკიდებული კიევის თანამშრომლობაზე ევროკავშირთან. ზელენსკის განცხადებების ფონია შეშფოთება ევროკავშირის მხრიდან უკრაინისადმი მხარდაჭერის კლებაზე, სლოვაკეთის არჩევნებში უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის მოწინააღმდეგე, პოპულისტური ორიენტაციის პარტიის გამარჯვების გამო.
"დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინას და მთელ თავისუფალ სამყაროს შეუძლიათ გაიმარჯვონ ამ კონფრონტაციაში. მაგრამ ჩვენი გამარჯვება პირდაპირაა დამოკიდებული თანამშრომლობაზე თქვენთან: რაც უფრო მეტ ძლიერ და პრინციპულ ნაბიჯს გადავდგამთ თქვენთან ერთად, მით მალე დასრულდება ომი" - თქვა ზელენსკიმ კიევში, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ.
ამასთან, ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთზე სანქციებით განხორციელებული ზეწოლა "აშკარად არაა საკმარისი" და გამოვიდა მოწოდებით მეტი თანამშრომლობისკენ, საიმისოდ, რომ დასრულდეს "რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლის სქემები" და რუსეთს არ მიეწოდოს მასალა, რომელიც მას სამხედრო წარმოების გაზრდაში ეხმარება.
ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა, ჟიზეპ ბორელმა შეხვედრას "ისტორიული" უწოდა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინის ადგილი არის ამ 27-წევრიან ბლოკში. "შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ ჩვენს მიზანსწრაფვაში ვიყოთ უკრაინის გვერდით, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება" - უთხრა ბორელმა ზელენსკის შეხვედრის შემდეგ.