ახალი შეზღუდვა პარლამენტში - შალვა პაპუაშვილი აპირებს პარლამენტის თანამშრომლებს ჟურნალისტებთან კომუნიკაცია შეუზღუდოს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საკანონმდებლო ორგანოში ახალი შეზღუდვების დაწესებას აპირებს - შალვა პაპუაშვილი გეგმავს პარლამენტის აპარატის შინაგანაწესის იმგვარად ცვლილებას, რომ პარლამენტის თანამშრომლებს აეკრძალოთ ჟურნალისტებთან კომუნიკაცია აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის თანხმობის გარეშე.
"მოსამსახურეს ეკრძალება საქართველოს პარლამენტის წევრებისათვის ბრიფინგის ჩასატარებლად განსაზღვრულ სივრცეში ჟურნალისტებთან კომუნიკაცია აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის თანხმობის გარეშე" - ესაა დამატება, რომლის შეტანაც იგეგმება პარლამენტის აპარატის შინაგანაწესში.
როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს საქართველოს პარლამენტში, ეს ბრძანების პროექტი ჯერ ძალაში შესული არ არის და ორი კვირის ვადა აქვს პარლამენტს მასზე შენიშვნების ან მოსაზრებების გამოსახატად, სანამ თავმჯდომარე საბოლოოდ დაამტკიცებს.
მოსალოდნელი ცვლილება უკვე შეაფასა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ", როგორც პარლამენტის კიდევ უფრო დახურულ და გაუმჭვირვალე ინსტიტუციად ქცევის მცდელობა. არასამთავრობო ორგანიზაცია შალვა პაპუაშვილს მოუწოდებს, არ მიიღოს ეს ბრძანება.