რუსეთმა იერიში მიიტანა უკრაინის ქალაქ ხარკოვზე
დღეს, 6 ოქტომბერს, დილით რუსეთის სამხედრო ძალებმა შეტევა მიიტანეს უკრაინის ქალაქ ხარკოვზე. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, აფეთქებები იყო ქალაქის ცენტრში. წინასწარი ინფორმაციით, დაიჭრა 3 ადამიანი. დაზიანებულია რამდენიმე შენობა.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხარკოვის ოლქის და ქალაქ ხარკოვის მცხოვრებთ თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა. როგორც უკრაინული მედიასაშუალებები წერენ, ხარკოვში პირველი აფეთქება საჰაერო განგაშის გამოცხადებამდე მოხდა.
5 ოქტომბერს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სარაკეტო დარტყმა განახორციელეს ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონის სოფელ გროზაში მდებარე კაფე-მაღაზიაზე. დაიღუპა სულ მცირე 51 ადამიანი.
ხარკოვის საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, კაფეში მიმდინარეობდა ომში დაღუპული სამხედროს ქელეხი. სარაკეტო დარტყმით მოკლულებს შორის არიან დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ცოლი და ვაჟი.