ისრაელი განაგრძობს ღაზის სექტორის დაბომბვას, „ჰამასმა“ იერიში მიიტანა აშკელონზე
ისრაელის არმიის და ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 700-ს გადააჭარბა „ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა. დაჭრილია 2 315 ადამიანი. პალესტინელთა ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღაზის სექტორზე ისრაელის დარტყმების შედეგად დაღუპულია 413 და დაჭრილია 2 300 ადამიანი.
საომარი მოქმედებები 7 ოქტომბრიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც პალესტინელთა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მიიტანა მასირებული სარაკეტო შეტევა და ღაზის სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა.
8 ოქტომბერს, ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
ისრაელის ავიაცია ღაზის სექტორში გასული ღამის განმავლობაშიც ბომბავდა „ჰამასის“ ობიექტებს. გამოცემა Times of Israel-ი სამხედროებზე დაყრდნობით წერს, რომ განადგურებულია რამდენიმე სამეთაურო პუნქტი, სამხედრო-საზღვაო ძალების სამეთაურო ცენტრი, დაზვერვის პუნქტი და სხვა ობიექტები.
„ჰამასმა“ სარაკეტო შეტევა მიიტანა ისრაელის სამხრეთ-დასავლეთში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქ აშკელონზე. რადიკალური მოძრაობის თანახმად, ქალაქს 100-მდე რაკეტა ესროლეს. ისრაელის მედიასაშუალებების ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემამ ყველა რაკეტა ვერ მოიგერია. გამოცემა Haaretz-ის ცნობით, დანგრეულია 3-სართულიანი შენობა. არიან დაჭრილები.
„ჰამასის“ მტკიცებით, რაკეტა ესროლეს თელ-ავივის საერთაშორისო აეროპორტსაც. მისთვის რაიმე ზიანის მიყენების დამადასტურებელი ცნობები ჯერჯერობით არ გავრცელებულა.