„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში სადავო ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო
79 მომხრე, 4 წინააღმდეგი - პარლამენტმა „მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით მიიღო. ცვლილება პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება.
30 ივნისის მიღებული ცვლილებებით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში (55 (2) მუხლი) სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელების აკრძალვის საკითხი ჩამოყალიბდა. მოქმედი კანონმდებლობით, ნორმის დარღვევაზე რეაგირება შესაძლებელია მხოლოდ თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში. გადაწყვეტილებების სასამართლოში, კომისიაში ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება დაუშვებელია. მისი მიღების წინაპირობა ევროკავშირის აუდიოვიზუალური მედიამომსახურების დირექტივასთან ჰარმონიზაცია იყო. ამასთან, ევროპის კავშირი 12 პრიორიტეტის ფარგლებში მოითხოვს „მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებებს, ევროსაბჭოს მოსაზრებების მხედველობაში მიღებით.
ამჟამინდელი კანონპროექტის თანახმად, პროცესი თვითრეგულირების მექანიზმით არ შემოიფარგლება: დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, კანონის 55 (2) მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს კომისიაში.
მედიაექსპერტების ნაწილი კანონპროექტს უარყოფითად აფასებენ. „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორის ნათია კუპრაშვილის თქმით, დაგეგმილი ცვლილებები ბუნდოვანია. როგორც მან თქვა, თუკი საკანონმდებლო ცვლილების ინტერპრეტირება ხდება ისე, რომ მარეგულირებელმა თავისი ხედვით დაიწყოს წარმოება მაუწყებლის წინააღმდეგ და განსაკუთრებულ შემთხვევებში სანქციებს მიმართოს, შეიძლება, ის კრიტიკული მედიის წინააღმდეგ დასჯის მექანიზმად იქცეს.
2022 წლის დეკემბერში პარლამენტმა ევროკავშირის აუდიოვიზუალური მედიამომსახურების დირექტივასთან ჰარმონიზაციის მოტივით „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში მიიღო ცვლილებები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა უარყოფითად შეაფასეს. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები დაუყოვნებლივ აღსრულებას ექვემდებარებოდა, სასამართლოში გასაჩივრების მიუხედავად. ამასთან, სიძულვილის ენის მარეგულირებელი ნორმები მედიის თავისუფლების თვითნებური შეზღუდვის რისკს წარმოადგენდა. სწორედ ეს საკითხები გამოსწორდა ივნისში მიღებული ცვლილებებით.