ელჩი ჟვანიას თქმით, ისრაელიდან ფრენები გრძელდება
ისრაელში საქართველოს ელჩი, ლაშა ჟვანია არასწორს უწოდებს ცნობებს ისრაელის აეროპორტის „დაკეტვაზე“.
„აეროპორტის დაკეტვაზე ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“, - საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, განაცხადა მან.
„რა სიახლეც გვაქვს, არის ის რომ, კომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ შეწყვეტს პირდაპირ რეისების განხორციელებას. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, მას რეისები გადააქვს ლარნაკა-თბილისის მიმართულებაზე, დამატებით რეისებს ახორციელებს“, - თქვა მან.
მაგრამ, მისი თქმითვე, ისრაელიდან საქართველოში გამოფრენის მსურველებს აქვთ ალტერნატივები: „რეისებს ყოველდღიურად ახორციელებენ კომპანია „ელალი“, „ისრეარი“ და „აირკი“.
ელჩის თანახმად, ბოლო ორი კვირის მანძილზე 11 000-ზე მეტი ადამიანი გამოემგზავრა ისრაელიდან საქართველოში-ბათუმის, ქუთაისის და თბილისის მიმართულებით.
„სოციალურ ქსელსაც ვადევნებთ თვალს და თუ ვინმე ცხელ ხაზზე ვერ ახერხებს დაკავშირებას, სოციალური ქსელით ვიგებთ, რომ რამე სჭირდებათ“, - ამბობს იგი.
ელჩის თქმითვე, ისრაელში მდგომარეობა კვლავ ისეთი დაძაბულია, როგორც იყო 10 დღის წინ, და ჩრდილოეთის მხარეს კიდევ უფრო იძაბება.