აშშ ახლო აღმოსავლეთში საჰაერო თავდაცვას აძლიერებს ბაზებზე თავდასხმების მცდელობის შემდეგ
შეერთებული შტატები გააძლიერებს თავის სამხედრო დაჯგუფებას ახლო აღმოსავლეთში ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად გამოწვეული დაძაბულობისა და ამერიკულ სამხედრო ბაზებზე თავდასხმების სერიასთან დაკავშირებით, რომლებიც ირანის მიერ მხარდაჭერილი ძალების მიერ განხორციელდა.
ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის განცხადებაში, რომელშიც ხაზგასმულია, რომ ახლო აღმოსავლეთში შექმნილი სიტუაცია დეტალურად განიხილა პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის დროს.
კერძოდ, პენტაგონის ხელმძღვანელმა, ამერიკელი სამხედროების დაცვის გასაძლიერებლად, რეგიონში ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემების, მათ შორის THAAD-ის ბატარეისა და ახალი „პეტრიოტის“ კომპლექსების გაშლის ბრძანება გასცა.
გარდა ამისა, აშშ-ს ცენტრალურ სარდლობას, რომელიც პასუხისმგებელია ახლო აღმოსავლეთზე, - დაექვემდებარება ავიამზიდი „დუაიტ ეიზენჰაუერთან“ ერთად.
ადრე, კიდევ ერთი ავიამზიდი, „ჯერალდ ფორდი“, გაიგზავნა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში. გარდა ამისა, როგორც პენტაგონის განცხადებაშია აღნიშნული, რეგიონში გასაგზავნად მომზადდა აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეთა გარკვეული რაოდენობა. კონკრეტული ციფრები არ სახელდება.
შეერთებულმა შტატებმა ადრე გააფრთხილა ირანი და მისი მოკავშირეები, რომ ისინი არ უნდა ჩაერიონ ღაზის სექტორის კონფლიქტში ან თავს დაესხან ისრაელს.
ისრაელზე რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაწყებული ომის შემდეგ, გახშირდა ამერიკულ სამხედრო ბაზებზე შეტევები ერაყსა და სირიაში. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იუწყება. მისი ინფორმაციით, 19 ოქტომბერს, საღამოს, დრონებით და რაკეტებით იერიში განხორციელდა ერაყის დასავლეთში მდებარე აინ ალ-ასადის საავიაციო ბაზაზე, სადაც ამერიკელი და საერთაშორისო კოალიციის წევრი სხვა ქვეყნების სამხედროები არიან დისლოცირებული. სააგენტოს წყაროთა თანახმად, ბაზის ტერიტორიაზე რამდენიმე აფეთქება მოხდა. შედეგები ჯერჯერობით უცნობია.
Reuters-ი ერაყის პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ სარაკეტო შეტევა იყო ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად მდებარე ბაზაზეც, სადაც ამერიკელი სამხედროები იმყოფებიან. შედეგები ამ შემთხვევაშიც უცნობია.
2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ, როცა ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას მოჰყვა ამ რადიკალური ისლამისტური მოძრაობისთვის ისრაელის მიერ ომის გამოცხადება, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახლო აღმოსავლეთში გაგზავნა დამატებითი სამხედრო-საზღვაო ძალები, მათ შორის 2 ავიამზიდი და 2000-მდე საზღვაო ქვეითი.